მარადიული პრობლემა: თანადგომა თუ დაპირისპირება?

მოზარდობის პერიოდი – “გახანგრძლივებული კრიზისი” – მძიმედ მიმდინარეობს არა მარტო თვით მოზარდისათვის, არამედ მისი მშობლებისთვისაც.

ოჯახი პროფილაქტიკური პროცესის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა, რომელიც ძალიან ხშირად მცდარი ილუზიის ტყვეობაში იმყოფება – მის შვილებთან ნარკომანიის პრობლემას არავითარი კავშირი არა აქვს და არც ექნება.  ზოგადად, მშობელი მშვიდად იღებს ნარკოტიკების შესახებ ინფორმაციას, მაგრამ პანიკაში ვარდება, თუკი საკუთარი შვილების მიერ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტს შეეჯახება.   ასეთ შემთხვევებში მშობელი პრაქტიკულად  უძლურია და არ იცის, რა ზომებს მიმართოს.

მნიშვნელოვანია ოჯახში ისეთი რესურსების ფორმირება, რომლებიც, ერთი მხრივ, დაეხმარება ახალგაზრდებს ცხოვრებისეულ სტრესებთან გამკლავებაში და დაიცავს მათ უარყოფითი ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სოციალური შედეგების მქონე ქცევებისაგან; მეორე მხრივ, იმ შემთხვევაში, თუკი ოჯახის რომელიმე წევრი ნარკოტიკის მოხმარებას დაიწყებს, ოჯახის სხვა წევრებმა უნდა შეძლონ, დაეხმარონ მას ნარკოტიკების მოხმარების შეწყვეტაში.

მშობლები, რომლებიც შვილებისაგან უსიტყვო მორჩილებას მოითხოვენ, აკონტროლებენ მათ ყველა ნაბიჯს, თვითონ უგეგმავენ თავისუფალ დროს და ურჩევენ მეგობრების წრეს, მუდმივად შენიშვნებს და მითითებებს აძლევენ, ვერ ითვალისწინებენ, რომ ასეთი ავტორიტარული დამოკიდებულების შედეგად მოზარდი კარგავს საკუთარი ძალების რწმენას, დამოუკიდებლად აზროვნებისა და მოქმედების უნარს. მას უჭირს საკუთარი აზრის დაცვა და თავისთავზე პასუხისმგებლობის აღება (ე.წ. “დედიკოს ბიჭი”). ასეთი პიროვნება მოწიფულობაშიც სხვისი შემყურე და უინიციატივოა (“მუდმივი ბავშვი”). ზოგ შემთხვევაში ასეთი “აღზრდა” სრულიად საპირისპირო შედეგს იძლევა: ერთ მშვენიერ დღეს მოზარდი უჯანყდება მშობლებს, ერთბაშად ანგრევს აკრძალვების მთელ სისტემას და პროტესტს გამოხატავს დაუმორჩილებლობით, უფროსების აზრის იგნორირებით, კრიტიკის სრული მიუღებლობით. ეს პროტესტი შეიძლება გავრცელდეს საზოგადოებრივ ნორმებზე, წესებზე და ტრადიციებზეც. ბავშვობაში დამოუკიდებლობას მიუჩვეველი მოზარდი ვერ საზღვრავს თავისუფლების დასაშვებ ფარგლებს და მიისწრაფვის იქითკენ, სადაც, მისი აზრით, ყველაფერი შეიძლება _ ქუჩაში ან ასოციალურ ჯგუფში.

ბავშვი “ოჯახის კერპად” იქცევა, როდესაც მშობლები აზვიადებენ შვილის ნიჭსა და შესაძლებლობებს, გამუდმებით აქებენ მას, ყველგან და ყოველთვის ცდილობენ მისი “ტალანტის” დემონსტრირებას, თვლიან რომ ასეთ ბავშვს ყველაფერი ეპატიება და ყველაფრის უფლება აქვს. ასეთი დამოკიდებულების შედეგად ხშირად ყალიბდება ეგოცენტრული პიროვნება, რომელსაც მუდმივად უნდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და თვლის, რომ ნებისმიერ მიზანს იოლად უნდა მიაღწიოს. მას მთელი ცხოვრების მანძილზე უჭირს საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატური შეფასება და ნებისმიერ წარუმატებლობას სხვებს ან უიღბლობას აბრალებს.

არიან ისეთი მშობლებიც, რომლებიც სრულ თავისუფლებას ანიჭებენ შვილებს იმ საბაბით, რომ ხელს უწყობენ მოზარდში დამოუკიდებლობისა და ინდივიდუალობის განვითარებას. სრულ უკონტროლობასთან ერთად, რომელიც შეიძლება მოზარდს მოსწონდეს კიდეც, ის მოკლებულია ნამდვილ მზრუნველობას, მხარდაჭერას, მრჩეველს, მარტო რჩება თავის პრობლემებთან, რომელთა წინაშე, თავისი გამოუცდელობის გამო, ეუფლება შფოთვა და შინაგანი დაურწმუნებლობა. ის საჭიროებს მოზრდილთა დახმარებას, თუმცა, ეს შეიძლება აშკარად არც აღიაროს. ამიტომ აუცილებელია მოზრდილების მხრიდან ყურადღებიანი და ტაქტიანი დამოკიდებულება. ასეთი მშობლები ისევე, როგორც ავტორიტარული მშობლები, არ წარმოადგენენ მოზარდისათვის ესოდენ საჭირო საყრდენს.

ავტორიტეტს ინარჩუნებენ ისეთი მშობლები, რომლებიც, მართალია, მოითხოვენ მოზარდისგან გარკვეული მოვალეობების შესრულებას, მაგრამ:

  1. არ ზღუდავენ მის უფლებებს;
  2. ანგარიშს უწევენ მოზარდის სურვილს, იყოს დამოუკიდებელი;
  3. რაიმეს აკრძალვის შემთხვევაში განუმარტავენ მიზეზს;
  4. იცავენ იმ ნორმებს, რომლებსაც ასწავლიან მოზარდს და, ამავე დროს, არ ეშინიათ აღიარონ, რომ თვითონაც არ არიან შეცდომებისაგან დაზღვეული;
  5. არ ქმნიან ბარიერს ურთიერთობაში;
  6. რჩევას აძლევენ მაშინ, როცა მოზარდი მიმართავს მათ დახმარებისათვის;  პრობლემებზე საუბრისას ყურადღებას მოზარდის ბრალეულობაზე კი არ ამახვილებენ, არამედ ეხმარებიან პრობლემების გაანალიზებაში და გამოსავალი გზების ძიებაში;
  7. ამავე დროს, მოზარდს აძლევენ საშუალებას, დამოუკიდებლად გადალახოს ისეთი წინააღმდეგობები, რომელთა დაძლევაც მას შეუძლია. ამით მოზარდი ეჩვევა პასუხისმგებლობას, იძენს საკუთარი ძალების რწმენას.

როგორ მივხვდეთ, მოიხმარს თუ არა ჩვენი შვილი ნარკოტიკს?

 

ნებისმიერი ნარკოტიკის არასამედიცინო მიზნით მოხმარება საშიშია. ყოველი ადამიანი დროის მეტად ხანმოკლე პერიოდში შეიძლება საკუთარი ნეგატიური ქმედების მსხვერპლი გახდეს და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადგამოყენება წამალდამოკიდებულებაში გადაიზარდოს.

პიროვნების მიერ ამა თუ იმ ნარკოტიკის არჩევა განპირობებულია ასაკით, ეკონომიური მდგომარეობით, სოციალური ან ეთნიკური ჯგუფით, თანატოლების გავლენით და სხვა პიროვნული თუ სოციალურ-ეთიკური ფაქტორებით.

მშობლებს უნდა ახსოვდეს, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები და სიმპტომები ნარკოტიკის აუცილებელ მოხმარებაზე არ მეტყველებს.

ზოგიერთი მათგანი შეიძლება ნორმალური ქცევის ნაირსახეობად ჩაითვალოს ან მიუთითებდეს ჯანმრთელობის დარღვევის სხვა სახის პრობლემებზე. ამა თუ იმ სიმპტომის არსებობა არ იძლევა მტკიცების საფუძველს. დასკვნები დაფუძნებული უნდა იყოს ფაქტებზე და არა ეჭვებზე.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია დაეხმარება მშობლებს ნარკოტიკის მომხმარებლების ამოცნობაში, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება მათთვის დახმარების გაწევა.

მნიშვნელოვანია, რომ მშობლები იყვნენ ფრთხილნი, გულწრფელნი და არა მამხილებელნი მოზარდებთან საკუთარი ეჭვების გადამოწმების დროს და თუ არ არიან დარწმუნებული თავიანთ შესაძლებლობებში, უმჯობესია რჩევისათვის სპეციალისტს მიმართონ.

 

ნარკოტიკული თრობის ზოგადი ნიშნები:

  1. გარეგნობა და ქცევა, რომლებიც ალკოჰოლურ სიმთვრალეს მოგვაგონებენ – პირიდან ალკოჰოლის სუნის გარეშე ან სუსტი სპეციფიკური სუნით;
  2. ცნობიერების შეცვლა: მოცემულ სიტუაციასთან აშკარად შეუსაბამო უმიზეზო მხიარულება, სიცილი, ლაქლაქი, ბოღმიანობა, აგრესიულობა;
  3. მოტორული აქტივობის შეცვლა: გაძლიერებული ჟესტიკულაცია, გადაჭარბებული მოძრაობები, მოუსვენრობა ან პირიქით, – უმოძრაობა, მოდუნება, სწრაფვა მოსვენებისა და მყუდროებისაკენ (კონკრეტული სიტუაციისაგან დამოუკიდებლად);
  4. მოძრაობის კოორდინაციის შეცვლა: მდორე ან სწრაფი, არამკვეთრი და დაუხვეწავი მოძრაობები, ტორტმანი სიარულის დროს, სხეულის რყევა მჯდომარე მდგომარეობაშიც კი, განსაკუთრებით დახუჭული თვალებით;
  5. კალიგრაფიის შეცვლა;
  6. კანის ფერის შეცვლა: სახისა და მთელი სხეულის კანის ფერმკრთალობა ან, პირიქით, – სახისა და სხეულის ზედა ნაწილების გაწითლება;
  7. მბრწყინავი თვალები;
  8. მკვეთრად შევიწროებული ან მკვეთრად გაფართოებული გუგები, რომლებიც შუქზე დუნედ რეაგირებენ;
  9. ნერწყვის გამოყოფის შეცვლა: გაძლიერებული ნერწყვდენა ან, პირიქით, – პირის სიმშრალე;
  10. ტუჩების სიმშრალე, ხრინწიანი ხმა;
  11. მეტყველების შეცვლა: აჩქარებული, მკვეთრი გამოთქმა ან, პირიქით, – შენელებული, გაურკვეველი, არამკვეთრი, “წაშლილი” მეტყველება.

 

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მოზარდის გარეგნობაში?

  1. მუქი სათვალეების ტარება ნებისმიერ დროს;
  2. ცხელ ამინდში გრძელსახელოებიანი პერანგით სიარული;
  3. დაუდევრობა ჩაცმაში (პრიორიტეტების გაუკუღმართება);
  4. საკუთარი გარეგნობისადმი გადაჭარბებული ყურადღება;
  5. ტანსაცმელზე სისხლის ლაქები (ინტრავენური ინექციების შედეგი);
  6. პოსტინექციური ნაწიბურები (ხელებზე, ფეხებზე, კისერზე);
  7. სპეციფიკური სუნი პირიდან, ტანსაცმელზე ან ოთახში (მარიხუანას ან ინჰალანტების ხმარება);
  8. დეზოდორანტებისა და ოდეკოლონების გადაჭარბებული ხმარება (ალკოჰოლის, მარიხუანას ან ინჰალანტების სუნის ჩასახშობად);
  9. თვალის წვეთებისა და პირის ღრუს არომატული საშუალებების ხმარება;
  10. დამწვრობა, დაზიანება ან წყლულები ტუჩებზე, ან პირის ღრუში (ნარკოტიკების მოწევა);
  11. დამწვრობა თითებზე, ტანსაცმელზე, რბილ ავეჯზე (თვლემის შედეგი).

 

როგორია ნარკოტიკების მომხმარებლის ატრიბუტიკა?

  1. გასისხლიანებული ან გაკვანძული თასმები ან ცხვირსახოცები (ვენის ლახტი);
  2. თამბაქოს გასახვევი ქაღალდები, პაპიროსები, სიგარეტის ფილტრები;
  3. კაფსულები, ტაბლეტები, ფხვნილები, მცენარეული პროდუქტები;
  4. შპრიცები, პიპეტები, ნემსები;
  5. ქაღალდის ფილტრები;
  6. ჯიბეებში, ჩანთებში, უჯრებში პოლიეთილენის ან ქაღალდის პარკები;
  7. ალკოჰოლური სასმელის ან საყოფაცხოვრებო ქიმიის ნაწარმის ცარიელი ჭურჭელი;

 

როგორი შეიძლება იყოს ნარკოტიკების მომხმარებელი მოზარდის ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა?

  1. ჩაწითლებული თვალები, დაშვებული ქუთუთოები;
  2. მბრწყინავი თვალები;
  3. გაფართოებული ან შევიწროებული გუგები;
  4. თვალების ცეცება ან გაყინული მზერა;
  5. სახის არაბუნებრივი ფერმკრთალობა ან სიწითლე;
  6. ხელის მტევნების ან ფეხების შეშუპება;
  7. ცრემლდენა, მთქნარება, სურდო;
  8. ფიზიკური განვითარების შეფერხება;
  9. გაუმაძღრობა, გაძლიერებული ჭამის მადა (ჰაშიშის მოწევის შედეგი);
  10. ჭამის მადის დაკარგვა (ცნს-ის სტიმულანტების ხმარების შედეგი);
  11. წონაში უმიზეზო უეცარი დაკლება;
  12. ცუდი თვითგრძნობა დილაობით;
  13. ოფლიანობა ცივ ამინდშიც კი;
  14. ყაბზობისკენ ან ფაღარათისკენ მიდრეკილება;
  15. ნარკოტიკების ხმარებასთან დაკავშირებული დაავადებები (ვირუსული ჰეპატიტი, აივ ინფექცია, ენდოკარდიტი, ჩირქგროვები, ბრონქიტი, პნევმონია, თირკმლების და ღვიძლის დაავადებები);
  16. ძილიანობა, მოდუნება, თვლემა;
  17. ჰიპერაქტიურობა (სტიმულანტების ხმარების შედეგი);
  18. ძილის ხასიათის შეცვლა (გამუდმებული ძილიანობიდან სრულ უძილობამდე);
  19. განურჩევლობა, აპათიურობა (აბსტინენციით გამოწვეული);
  20. უმიზეზო სიცილი (ასოცირდება მარიხუანასთან);
  21. გუნებ-განწყობის ხშირი, უეცარი ცვლილება (დეპრესია, შფოთვა, აგზნებადობა);
  22. აგრესიულობა, პარანოიდული განწყობა (სტიმულანტების ხმარების შედეგი);
  23. ჰალუცინაციების აღმოცენება (ციკლოდოლის, ჰაშიშისა და სხვა ჰალუცინოგენების ხმარების შედეგი).

 

რა ცვლილებები შეიძლება შევნიშნოთ მოზარდის ქცევაში?

ოჯახში:

  1. ოჯახური ტრადიციების იგნორირება;
  2. უმნიშვნელო კრიტიკაზე ან უბრალო მოთხოვნებზე გადაჭარბებული არაადეკვატური რეაქცია;
  3. ახლობლების განცდების გაზიარებისა და თანაგრძნობის უნარის დაქვეითება;
  4. ფულის მუდმივი მოთხოვნილება;
  5. პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობის დაქვეითება;
  6. მატყუარობა;
  7. ოჯახიდან ფასეულობების გატანა (ფული, ნივთები, წამლები და ა.შ.);
  8. ოჯახის წევრებისაგან იზოლაცია (საკუთარ ოთახში განმარტოება ან სახლიდან წასვლა);
  9. ნეგატიური ქცევა, ან, პირიქით, – პირფერობა, მაამემლობა და შემთანხმებლური ტაქტიკა (საკუთარი მიზნების მისაღწევად);
  10. ფასეულობათა, იდეების, რწმენის შეცვლა;
  11. ლექსიკონისა (სპეციფიკური ჟარგონი) და საუბრის მანერის შეცვლა;
  12. აბაზანაში ხანგრძლივად ჩაკეტვა (შესაძლოა ნარკოტიკის მიღების მიზნით);
  13. ახალი ნაცნობების ოჯახის წევრებისათვის წარდგენის სურვილის არარსებობა;
  14. სასმელის არასათანადო ადგილებში დამალვა;
  15. გვიან დაძინება ან უძილობა, თვლემა დღის საათებში;

 

სკოლაში:

  1. ხშირი დაგვიანება სკოლაში;
  2. სკოლის გაკვეთილების სისტემატური გაცდენები;
  3. თვლემა გაკვეთილებზე;
  4. აკადემიური მოსწრების დაქვეითება;
  5. მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
  6. უინიციატივობა და გაკვეთილებზე მომხდარის მიმართ ინტერესის დაკარგვა;
  7. დაგვიანებული პასუხები, გულმავიწყობა, აპათიურობა;
  8. დისციპლინის ხშირი დარღვევა;
  9. პედაგოგების, სკოლის განაწესის უპატივცემულობა;
  10. უპასუხისმგებლობა და მატყუარობა;
  11. სკოლის ღონისძიებებისადმი ინტერესის დაკარგვა.

 

ნაცნობების და მეგობრების წრეში:

  1. ძველი მეგობრების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა;
  2. თანატოლების ჯგუფის შეცვლა, ახალი ნაცნობების გაჩენა;
  3. მასზე უფროსი მოზარდების კომპანიასთან კონტაქტის დამყარება;
  4. ნარკოტიკების მოხმარებაში შემჩნეული პირების მიმართ გაძლიერებული ინტერესი;
  5. ისეთ ადგილებში ყოფნა, სადაც ცნობილია, რომ შეიძლება ნარკოტიკების შოვნა;
  6. ფულის სესხების მუდმივი მოთხოვნილება;
  7. არასაიმედოობა ურთიერთობებში;
  8. ირგვლივ მყოფებთან კონტაქტების შეზღუდვა, ხშირი იზოლაცია (საზოგადოებისაგან გარიყვა, დაბალი თვითშეფასება);
  9. უეცარი პოპულარობა თანატოლებს შორის.

ნარკოტიკები და ასაკი, ანუ როდის აღმოცენდება ნარკოტიკისადმი ინტერესი

1. 8-11 წელი – ამ ასაკის ბავშვებს აინტერესებს ყველაფერი, რაც ნარკოტიკებთანაა დაკავშირებული. მათთვის ნარკოტიკი იდუმალებით მოცული, უცნობი და აკრძალული სამყაროა, და როგორც ყველაფერი იდუმალი, უცნობი და აკრძალული, ეს სამყაროც განსაკუთრებულ ცნობისმოყვარეობას და ინტერესს იწვევს; ნარკოტიკების შესახებ ყურმოკრული, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ინფორმაცია გააჩნიათ, გასინჯული აქვს ერთეულებს, მათ სუბკულტურაში ნარკოტიკის მოხმარება ჯერ კიდევ არ არის აღიარებული ნორმად. აქტიური მოხმარება ყველაზე ხშირად ინჰალანტებთან არის დაკავშირებული.

 

2. 11-14 წელი – ნარკოტიკების შესახებ ამ ასაკობრივ ჯგუფში საკმაოდ ბევრი იციან, თუმცა ინფორმაცია ცალმხრივ ხასიათს ატარებს და ყურადღება ძირითადად ნარკოტიკის მიმზიდველ მხარეზე მახვილდება. ინფორმაციის ძირითად წყაროს ნაცნობები წარმოადგენენ. ნარკოტიკების მიმართ განწყობა უფრო პოზიტიურია, რომელსაც თან ახლავს გარკვეული “მომხიბლველობის შარავანდედი”. ნარკოტიკების მოხმარების საფრთხე სათანადოდ არ ფასდება. პრობლემაზე მხოლოდ ერთმანეთში საუბრობენ. აქტიურად განიხილება “მსუბუქი” ნარკოტიკების მოხმარების შესაძლებლობა. ვინაიდან ამ ასაკში უფრო ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო ქიმიის ნაწარმი და მედიკამენტებია (ბენზინი, წებო, აცეტონი, დამამშვიდებელი აბები), და, ამავე დროს, მუსირებს მცდარი მოსაზრება, რომ ეს საშუალებები შედარებით უსაფრთხოა, სწორედ ამ საშუალებებით ეზიარებიან ხოლმე  ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას.

 

3. 14-17 წელი – ყველაზე კრიტიკული ასაკია ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერებით ექსპერიმენტირების დაწყების თვალსაზრისით. ამ პერიოდს ხშირად დამოუკიდებლობის ასაკს უწოდებენ, ნარკოტიკთან ნაცნობობა უფრო ხშირად ხდება უფროსების ზეგავლენისაგან იზოლირებულ ტერიტორიაზე -  დისკოთეკაზე, ახალგაზრდულ წვეულებაზე, სადმე “მიყუჩებულ ადგილას”. უმრავლესობამ უკვე საკუთარ თავზე გამოსცადა ნარკოტიკის ეფექტები.

ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედებისა და მოხმარების რისკის შესახებ ინფორმაციის გაფართოების კვალდაკვალ ყალიბდება გარკვეული პოზიცია ნარკოტიკების მოხმარების მიმართ. ძირითადად ხუთ ასეთ პოზიცია გამოჰყოფენ:

1. “ისინი, ვინც თავადაც მოიხმარს და სხვებსაც მოუწოდებს ნარკოტიკების გამოყენებისაკენ” – ამ ჯგუფის წარმომადგენლები ნარკოტიკების მოხმარებას თავდაჯერებულობის, დამოუკიდებლობის, ძლიერების გამოხატულებად თვლიან. ნარკოტიკებისადმი აქტიური ინტერესი პრაგმატულ აზრს იძენს: ხდება სხვადასხვა ნარკოტიკების მოსინჯვა, მათი ეფექტის გაძლიერებისა და რისკის შემცირების გზების ძიება. ამ პროცესში სხვების ჩათრევის სურვილს შეიძლება საფუძვლად ედოს რწმენა, რომ ნარკოტიკების მოხმარება “კარგი ტონია”; არ არის გამორიცხული მერკანტილური ინტერესებიც (მატერიალური ან სხვა სარგებელი).

2. “ისინი, ვინც მოიხმარს ნარკოტიკს, მაგრამ აცნობიერებს საფრთხეს” – არ ცდილობენ სხვების მოზიდვას, საკუთარ თავს მსხვერპლად თვლიან; ბევრს უნდა, განთავისუფლდეს ამ “დამღუპველი ჩვევისაგან”, მაგრამ საამისოდ არ ჰყოფნის ნებისყოფა და გამბედაობა. ამ ჯგუფში შეიძლება იყვნენ ისეთებიც, ვინც შეგნებულად მიდის თვითგანადგურებაზე, რომ “ვიღაცას რაღაც დაუმტკიცოს”.

3. “აქტიური მოწინააღმდეგეები” – ეს ყველაზე მცირერიცხოვანი ჯგუფია, რომლის წარმომადგენელთა პოზიცია ასე ჟღერს: “მე არასოდეს არ მოვიხმარ ნარკოტიკებს და ყველანაირად ვეცდები, რომ ეს უბედურება ჩემს მეგობრებსაც ავაცილო”. ზოგჯერ, ეს პოზიცია ადეკვატურ ცოდნაზეა დამყარებული, მაგრამ უფრო ხშირად მას საფუძვლად ემოციური მიუღებლობა უდევს.

4. “გულგრილი მოწინააღმდეგეები” – ამ ჯგუფის წარმომადგენელთა კონცეფცია შემდეგია: “მე არ მოვიხმარ ნარკოტიკებს, მაგრამ სხვების საქმეში არ ვერევი. თუ უნდათ თავის მოწამვლა, ეს მათი გადასაწყვეტია”.

5. “ისინი, ვისაც ჯერ არა აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ამ თვალსაზრისით” – ამ ჯგუფის წარმომადგენლები წინა ოთხი ჯგუფის პოტენციური წევრები არიან.

ოჯახური აღზრდა

ოჯახი ბავშვის სოციალიზაციის პირველი ინსტიტუტია. სოციალიზაცია ოჯახში ხორციელდება სხვადასხვა გზებით და ძირითადად ორი პარალელური მიმართულებით მიმდინარეობს: აღზრდის მიზანდასახული პროცესისა და სოციალური დასწავლის შედეგად.

ოჯახური აღზრდა არის მიზანმიმართული, შეგნებული აღმზრდელობითი ზემოქმედება, რომელსაც მშობლები შვილებში გარკვეული თვისებების ფორმირების მიზნით ახორციელებენ.

აღმზრდელობითი ზემოქმედება ხორციელდება ორი ძირითადი მექანიზმის საფუძველზე:

  1. გამყარების მექანიზმით – იმ ქცევის წახალისებით, რომელსაც უფროსები სწორად მიიჩნევენ და არსებული წესების დარღვევის გამო დასჯით, მშობლები ბავშვის ცნობიერებაში ამკვიდრებენ ნორმების გარკვეულ სისტემას, რომელიც ბავშვს თანდათან ჩვევად და შინაგან მოთხოვნილებად უყალიბდება.
  2. იდენტიფიკაციის მექანიზმით – ბავშვი ბაძავს მშობლებს, ორიენტირებულია მათ მაგალითზე, ცდილობს, იყოს ისეთივე, როგორიც ისინი.

სოციალური დასწავლის პროცესი, თავის მხრივ, მიმდინარეობს როგორც ბავშვის მშობლებთან უშუალო ურთიერთობის დროს, ასევე ოჯახის სხვა წევრებს შორის სოციალური ურთიერთქმედების თავისებურებებზე დაკვირვების პროცესში.

ოჯახის ფუნქციური დანიშნულება მრავალგვარია: აღმზრდელობითი, ემოციური, სულიერი ურთიერთობის, პირველადი სოციალური კონტროლის ფუნქციები და სხვა. პირველ რიგში, ოჯახი უნდა უზრუნველყოფდეს ემოციურ ფუნქციას, რომელიც ოჯახის წევრებს აღიარების, პატივისცემის, ემოციური მხარდაჭერისა და ფსიქოლოგიური დაცულობის მოთხოვნილებებს უკმაყოფილებს. ემოციური სტაბილურობის დარღვევა იწვევს მომატებულ შფოთვას, რეალობის წინაშე შიშს, უსაფრხოების გრძნობის დაკარგვას და ადამიანებისადმი უნდობლობას. ნდობაზე დამყარებული ურთიერთობების ნაკლებობა კი აძნელებს სოციალიზაციის პროცესს. იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ მოზარდის სოციალურ მომწიფებას, ერთი მხრივ, მშობლებმა შვილებს უნდა შეუქმნან თბილი, მოსიყვარულე გარემო, მეორე მხრივ, უნდა შეეგუონ მოზარდის მზარდ ავტონომიას – ის ხომ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ემზადება. ამ პროცესის წარმატებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მშობლების ქცევის სტილი.

მშობლების შვილებთან ურთიერთობის ოთხ ძირითად სტილს გამოყოფენ – ავტორიტეტული, ავტორიტარული, ლიბერალური და ინდიფერენტული.

 

ავტორიტეტული სტილის მქონე მშობლები აკონტროლებენ შვილების ცხოვრებას, მაგრამ ინარჩუნებენ თბილ ურთიერთობას, აღიარებენ მოზარდის მზარდ მოთხოვნილებას, იყოს დამოუკიდებელი და ხელს უწყობენ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას; მათთვის დასაშვებია  დადგენილ ნორმებზე მსჯელობა და წესების შეცვლა გარკვეულ ფარგლებში. ასეთი მშობლების შვილები გამოირჩევიან პასუხისმგებლობით, დამოუკიდებლობით; დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში და განვითარებული აქვთ თვითკონტროლი და სოციალური უნარ-ჩვევები.

ავტორიტარული სტილის მქონე მშობლების მკაცრი კონტროლი ცივი ურთიერთობების ფონზე ხორციელდება; შვილებისაგან მოითხოვენ მათი მითითებების უსიტყვო შესრულებას; წესები და ნორმები ხისტია და განსჯას არ ექვემდებარება; შვილებს მხოლოდ მინიმალურ თავისუფლებას აძლევენ. მათი შვილები გამოირჩევიან შფოთვის მაღალი დონით, ადვილად ემორჩილებიან ყველა ძლიერს და ძალაუფლების მქონეს; ან პასიურ და უინიციატივო ადამიანებად ყალიბდებიან, ან, პირიქით, გამომწვევად იქცევიან, ადვილად ბრაზდებიან, უმართავი და აგრესიულები არიან.

ლიბერალური მშობლები თბილად ექცევიან შვილებს, მაგრამ ყველაფრის ნებას აძლევენ, მინიმალურად ერევიან მათ ცხოვრებაში და არც პრობლემების მოგვარებაში ან გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებიან. ასეთ ოჯახში გაზრდილი მოზარდები, სუსტი თვითკონტროლისა და იმპულსურობის გამო, ხშირად არღვევენ წესებს და ნორმებს.

ინდიფერენტული მშობლების შვილებთან ურთიერთობის სტილიც დაბალი კონტროლითა და მომთხოვნელობით ხასიათდება, მაგრამ ამას ერთვის ცივი დამოკიდებულება შვილების მიმართ. ისინი არ უყენებენ არანაირ მოთხოვნებს შვილებს იმიტომ, რომ არ სცალიათ მათთვის, საკუთარი პრობლემებით არიან დაკავებული. მშობლების მხრიდან ასეთი იგნორირება მოზარდში არასრულფასოვნების გრძნობას იწვევს. ხშირად, ასეთ ოჯახში გაზრდილი მოზარდები გამოირჩევიან აგრესიულობით.

ნათელია, რომ მხოლოდ ავტორიტეტული მშობლების გულითად დამოკიდებულებას და ნდობაზე დამყარებულ კონტროლს შეუძლია უზრუნველყოს მოზარდში სიმშვიდე და საკუთარი თავის რწმენა. ექსპერიმენტების მოყვარულ მოზარდებს წარუმატებლობის შემთხვევაში მხოლოდ ასეთ მშობლებთან შეუძლიათ, იმსჯელონ თავიანთ პრობლემებზე, მიიღონ მხარდაჭერა და აღიდგინონ სულიერი წონასწორობა.

გარდამავალი ასაკის თავისებურებები

სქესობრივი მომწიფებით მთავრდება ბავშვობა და იწყება მოზრდილობაში გარდამავალი ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც მოზარდობისა და სიჭაბუკის ხანას მოიცავს. თანამედროვე ცივილიზებულ საზოგადოებაში ეს ეტაპი თითქმის მთელი ათწლეული გრძელდება – 10-12 წლიდან 21-22 წლამდე. პრიმიტიულ საზოგადოებებში კი ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლის პერიოდი უფრო ხანმოკლეა – გარკვეულ ასაკში სიმბოლური რიტუალით ხდება მოზრდილად “კურთხევა” და იწყება ცხოვრების ახალი ეტაპი. ასეთი სწრაფი ტრანსფორმაცია შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ განვითარების შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომ საზოგადოებაში მოზრდილს ნაკლები ცოდნა და უნარები მოეთხოვება და მათი ათვისება უფრო მალეა შესაძლებელი.

ფიზიკური განვითარება გარდამავალი ასაკის დადგომის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა. მოზარდებში ზრდა და ბიოლოგიური ცვლილებები ისეთივე სისწრაფით მიმდინარეობს, როგორც მუცლადყოფნისა და ჩვილობის პერიოდში. მაგრამ, პატარებისაგან განსხვავებით, მოზარდები ამ ცვლილებებს ინტერესის, შიშისა და სიხარულის შერეული გრძნობით აკვირდებიან და მტკივნეულად განიცდიან ნებისმიერ სხვაობას რეალურად არსებულსა და იდეალურს შორის. სხვაობა მართლაც არის – ამ პერიოდში სხეულის ნაწილები სხვადასხვა ტემპით იზრდება: ჯერ ხელის მტევნები და ტერფები იზრდება, შემდეგ –  კიდურები; სიმაღლეში ზრდის კვალდაკვალ მატულობს კუნთების მოცულობა და ყველაზე ბოლოს ვითარდება მხრები. სხეულის დისპროპორციის გამო ირღვევა მოძრაობათა კოორდინაცია და მოქნილობა, რაც მოზარდებს ბევრ უხერხულობას უქმნის. ამას გარდა, აქტიურდება კანის ცხიმოვანი უჯრედები, შედეგად მოზარდებს კანზე გამონაყარი უჩნდებათ.

ყველა ამ ცვლილებას მართავს ჰორმონები – შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებში გამომუშავებული ბიოქიმიური ნივთიერებები. ამ პერიოდში მკვეთრად მატულობს როგორც ზრდის, ისე სასქესო ჰორმონების გამომუშავება და იწყება სქესობრივი მომწიფება, რომელიც პირველადი და მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებით გამოიხატება. სქესობრივი მომწიფების დაწყების საშუალო ასაკი გოგონებისათვის 10 წელია, ხოლო ბიჭებისათვის – 12, მაგრამ, ხშირად, ეს პროცესი უფრო ადრე ან მოგვიანებით იწყება.

ბიჭების ნაადრევი სქესობრივი მომწიფება მათ თავდაჯერებულობას უწყობს ხელს, ისინი პოპულარობით სარგებლობენ თანატოლებს შორის. ნაადრევად მომწიფებული გოგონები კი, პირიქით – თავს უხერხულად გრძნობენ, ნაკლებად თავდაჯერებულები არიან, თანატოლებისათვის უცხოა მათი პრობლემები და ამიტომ  შეიძლება უფროსი მეგობრები გაიჩინონ.

 

დაგვიანებულ მომწიფებას ბიჭები ძალიან მტკივნეულად განიცდიან, რადგან ყველა ისე ექცევა, როგორც პატარა ბიჭს, თანატოლი გოგონები კი იგნორირებას უკეთებენ. გოგონებიც განიცდიან სქესობრივი მომწიფების დაგვიანებას, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ამ შემთხვევაში მათი მომწიფების პერიოდი თანატოლი ბიჭების მომწიფებას ემთხვევა, ისინი ნაკლებად გრძნობენ განსხვავებულობას და გაუცხოვებას.

ფიზიკურად გაზრდილი და სქესობრივად მომწიფებული მოზარდები თავს უკვე დიდებად თვლიან და ცდილობენ, გახდნენ დამოუკიდებლები, რასაც, ბუნებრივია, მშობლების მხრიდან წინააღმდეგობა ხვდება და იწყება კონფლიქტი, ოჯახში იცვლება ურთიერთობები, მაგრამ ამის მიზეზი არ არის მხოლოდ შვილების პრობლემები.

ხშირად, მოზარდობისა და სიჭაბუკის პერიოდს ემთხვევა მშობლების ე.წ. საშუალო ასაკის კრიზისი, როცა ადამიანი იწყებს განვლილი ცხოვრების შეფასებას და აცნობიერებს, რომ აწმყოდ იქცა დრო, რომელშიც უმთავრესი მიზნებისა და გეგმების განხორციელება ჰქონდა განზრახული.

კოგნიტური სფეროს განვითარების ძირითადი Nნიშანია აბსტრაქტული აზროვნების უნარის ჩამოყალიბება _ მოზარდებს უკვე შეუძლიათ ჰიპოთეზების ფორმულირება, გადამოწმება და შეფასება. აზროვნების პროცესში ისინი მანიპულირებენ არა მხოლოდ თვალსაჩინო ნიშნებით ან ნაცნობი ფაქტებით, არამედ შეუძლიათ განყენებული იდეებით მანიპულირებაც.  მოზარდები ადვილად წყვეტენ უბრალო ლოგიკურ ამოცანას: ‘”ყველა ძროხა ლურჯია. რა ფერის ხბო ეყოლება ლურჯ ძროხას?” უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვი, შეიძლება, არც დაფიქრდეს, ისე გიპასუხოთ, რომ ლურჯი ძროხები არ არსებობს: ამოცანის პირობა შეუთავსებელია მის ცოდნასთან ძროხების შესახებ და ეს ხელს უშლის, დაინახოს უბრალო ლოგიკა _ თუ ყველა ძროხა ლურჯია, ხბოც ლურჯი უნდა იყოს.

ლოგიკაზე დამყარებული აბსტრაქტული აზროვნება ხელს უწყობს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას, დაინტერესებას ფანტასტიკით, ფილოსოფიური საკითხებით. აზროვნების ახალ საფეხურზე ასვლა მოზარდებს უბიძგებს, დაფიქრდნენ ისეთ აბსტრაქტულ ცნებებზე, როგორიცაა სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება, პატიოსნება; კრიტიკული თვალით უყურებენ ნებისმიერ ავტორიტეტს, მათ შორის, მშობლებსაც, რომლებსაც აქამდე უპირობოდ დადებითად აფასებდნენ, ადარებენ იდეალური ადამიანის, იდეალური მშობლის შესახებ საკუთარ წარმოდგენას. ამიტომ, სიჭაბუკის პერიოდში ხშირია ოჯახური უთანხმოებები. ამ კონფლიქტებს დადებითი მხარეც აქვს: მოზარდი უსაფრთხო, ოჯახურ გარემოში ცდის – რა ხარისხის დამოუკიდებლობა შეუძლია იკისროს, რამდენად შეუძლია საკუთარი აზრის დაცვა.

მოზარდებისათვის დამახასიათებელი კრიტიკულობა და მაქსიმალიზმი, მისთვის ჩვეული იუმორით, გამოხატა მარკ ტვენმა: ”როცა 14 წლის ვიყავი, მამაჩემი იმდენ სისულელეს ამბობდა, რომ ვერ ვიტანდი, მაგრამ, როცა 21 წლის გავხდი, გამიკვირდა – როგორ დაჭკვიანებულა ეს მოხუცი ამ 7 წელიწადში!”

ოჯახის ცხოვრების ამ ეტაპს მეცნიერები აფასებენ, როგორც მშობლებსა და შვილებს შორის ახალ ურთიერთობებზე გადასვლის პერიოდს. არის ოჯახები, სადაც ეს გადასვლა უკონფლიქტოდ ხდება, რადგან მშობლები არ უპირისპირდებიან მოზარდის დამოუკიდებლობის მოთხოვნილებას. პირიქით, აძლევენ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას, მხარს უჭერენ, ეხმარებიან და ანუგეშებენ რთულ სიტუაციებში. ასეთ პირობებში გაზრდილი ადამიანი უფრო თავდაჯერებულია და უკეთაა მომზადებული დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.

აბსტრაქტული აზროვნების ჩამოყალიბება საკუთარი აზროვნების პროცესის ანალიზის საშუალებას იძლევა. იწყება თვითშემეცნების რთული პროცესი, პასუხის ძიება კითხვებზე “ვინ ვარ?”, “როგორი ვარ?”, გამუდმებული დაკვირვება საკუთარ თავზე და იდეალთან შედარება. პარალელურად, მოზარდები სხვათა შეცნობას, სხვების აზრის წვდომასაც ცდილობენ.

საკუთარი ცვლილებების მიმართ გაძლიერებული ყურადღება იწვევს მოზარდების გარკვეულ ეგოცენტრიზმს. მათ მიაჩნიათ, რომ მათი ქცევა ისევე საინტერესოა ირგვლივმყოფთათვის, როგორც მათთვის. მოზარდებს პატარებზე ბევრად მეტად აინტერესებთ, რას ფიქრობენ მათზე სხვები _ ისინი, თითქოს, გამუდმებით სცენაზე არიან წარმოსახვითი მაყურებლის წინაშე და თავს ახალ-ახალ როლებში სცდიან. 15-16 წლისათვის ასეთი ეგოცენტრიზმი კლებულობს: ხვდებიან, რომ ადამიანთა უმრავლესობა არ არის ამდენად დაინტერესებული მათი პიროვნებით და ისინი არც ისე უნიკალურები და განსაკუთრებულები არიან, რომ საყოველთაო ყურადღებას იმსახურებდნენ.

ფსიქოსოციალური სფერო. გარდამავალი ასაკის ძირითად სირთულედ მიიჩნევენ კონფლიქტს მშობლებთან და სხვა უფროსებთან, რომლებიც მოზარდთა დამოუკიდებლობისა და ავტონომიისაკენ სწრაფვას ეწინააღმდეგებიან. როგორც ირკვევა, არც მოზარდთა ემოციური გაუწონასწორებლობა და არც უფროსებთან კონფლიქტი არ წარმოადგენს განვითარების აუცილებელ ატრიბუტს. მოზარდების დიდი ნაწილი მოზრდილებთან მშვიდობიან და კეთილგანწყობილ ურთიერთობას ინარჩუნებს.

ავტონომიის განსაზღვრებაში ძირითადი აქცენტი კეთდება უფროსების ზეგავლენისგან განთავისუფლებაზე, მაგრამ შეუძლებელია, რომ გარდამავალ ასაკში ადამიანი არ იყოს მათზე დამოკიდებული. სრული თავისუფლება არც მოზარდებისთვის არის ხელსაყრელი, რადგან აფრთხობთ პასუხისმგებლობა, რომელიც თან ახლავს დამოუკიდებლობას.

ამიტომ, უფრო სწორი იქნება, თუ ავტონომიას განვიხილავთ, როგორც თვითრეგულაციას. ამ თვალსაზრისით, დამოუკიდებლობა გულისხმობს საკუთარი დასკვნების გაკეთებისა და საკუთარი ქცევის რეგულირების უნარს. სწორედ ამას სწავლობენ მოზარდები. ისინი ოჯახში თუ სკოლაში შეთვისებული წესების, საზღვრებისა და ღირებულებების გადაფასებასა და გადასინჯვას ახდენენ. ამ პროცესში, ზოგჯერ, მძაფრ წინააღმდეგობას აწყდებიან უფროსების მხრიდან და ეს კონფლიქტებს იწვევს. ხშირად ისეც ხდება, რომ მოზრდილებიც მონაწილეობენ გადაფასების პროცესში, მინიმუმამდე დაჰყავთ კონფლიქტის ზონები და ეხმარებიან მოზარდებს დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებასა და საკუთარი ქცევების მართვის უნარის გავარჯიშებაში. ეს საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი პირობაა. მოზარდები თანდათან სწავლობენ პიროვნული დამოუკიდებლობის შეთავსებას იმ მოვალეობებთან და ვალდებულებებთან, რომლებიც ყველა ნორმალური ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს.

პიროვნული დამოუკიდებლობა, პირველ რიგში, დაკავშირებულია იდენტურობის ჩამოყალიბებასთან. იდენტურობის ჩამოყალიბება, ანუ თვითგამორკვევა ხანგრძლივი და რთული პროცესია. იგი ქმნის ერთგვარ კოორდინატთა სისტემას ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროს ინტეგრირებისათვის. მოზარდის წინაშე დგება ამოცანა: შეკრიბოს და გააერთიანოს ამ დროისათვის მის ხელთ არსებული მთელი ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ (როგორი შვილი, მეგობარი, მოსწავლე, მუსიკოსი, სპორტსმენი და ა.შ. ვარ) და მოახერხოს ამ მრავალრიცხოვანი “მე”-ს ხატების ინტეგრაცია პიროვნულ იდენტურობაში, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდის წარსულის, აწმყოსა და მომავლის უწყვეტობას.

გარდამავალ პერიოდში განსაკუთრებით იზრდება თანატოლთა ჯგუფების მნიშვნელობა. ფიზიკური, ემოციური და სოციალური ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად მათ თანაგრძნობა და მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ამას კი, ბუნებრივია, იმათთან ეძებენ, ვისაც მსგავსი პრობლემები აწუხებს, ანუ თანატოლებთან.

თანატოლთა წრე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოზარდის სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაში. ამ წრეში არსებული თანასწორუფლებიანი ურთიერთობები ხელს უწყობს სოციალური კომპეტენციის ჩამოყალიბებას. მოზარდები, რომლებიც, ერთი შეხედვით, ყოველგვარ ნორმებს და წესებს აპროტესტებენ,  საკმაოდ მკაცრად იცავენ თანატოლთა ჯგუფში არსებულ ნორმებს. აქ სწავლობენ ჯგუფისადმი სოლიდარობას, ჯგუფში აღიარებული წესების დაცვას და ჯგუფში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას.

მოზარდები თანატოლებთან ურთიერთობაში შედარებებს აკეთებენ და ამის საფუძველზე აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს და ქცევებს. შეფასებებში აქცენტი კეთდება გარეგნობაზე და იმ პიროვნულ თვისებებზე, რომლებიც პოპულარობას უწყობს ხელს – ეს შეიძლება იყოს იუმორის გრძნობა და კომუნიკაბელურობა.

მოზარდების გარეგნობა – ჩაცმულობა, ვარცხნილობა ხშირად უფროსების გაღიზიანებას და უკმაყოფილებას იწვევს. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ, ერთი მხრივ, მოზარდები ირჩევენ სწორედ მოზრდილებისაგან განსხვავებულ სტილს და ამით გამოხატავენ თავის ინდივიდუალობას, ზოგჯერ კი – პროტესტს არსებული ნორმების მიმართ; მეორე მხრივ, ამტკიცებენ ამა თუ იმ ჯგუფისადმი თავის მიკუთვნებულობას. ჩაცმის სტილით აფასებენ, რომ ერთი “სპორტულია”, მეორე – “ძველი ბიჭია” და სხვა. იგივე ფუნქციას ასრულებს ლაპარაკის მანერა, მუსიკა, რომელსაც უსმენენ. ეს ყველაფერი, ერთად აღებული, მოზარდთა სუბკულტურას  წარმოადგენს.

სიჭაბუკის ხანაში შეფასების კრიტერიუმები იცვლება და აქცენტი გადადის ისეთ პიროვნულ თავისებურებებზე, როგორიცაა მეგობრობის, ერთგულების უნარი. ურთიერთობები საერთო ინტერესებზე იგება და უფრო გულითადი და სტაბილურია. რჩევისათვის უკვე მეგობრებს მიმართავენ და არა მშობლებს, მეგობრებს უზიარებენ თავიანთ პრობლემებს და საიდუმლოს. მშობლებს ისღა დარჩენიათ, ემოციური მხარდაჭერა გაუწიონ შვილებს. დადგენილია, რომ მოზარდები, რომლებიც მოკლებული არიან მშობლებთან ემოციურ კონტაქტს, უფრო ადვილად ექცევიან თანატოლთა ასოციალური ჯგუფების გავლენის ქვეშ.

იდენტურობის ჩამოყალიბებაში ოჯახს უმნიშვნელოვანესი როლი  აკისრია. მშობლების ძირითადი ამოცანები, ერთი შეხედვით, პარადოქსულია. მშობლები, რომლებიც კარგად ასრულებენ თავის ფუნქციას, ერთი მხრივ, უქმნიან მოზარდს დაცულობისა და მხარდაჭერის ატმოსფეროს; მოზარდი გრძნობს, რომ ის უყვართ, იღებენ ისეთს, როგორიც არის. მეორე მხრივ, იგივე მშობლები ხელს უწყობენ მოზარდის ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ, ქმედითუნარიან პიროვნებად. დაცულობა და დამოუკიდებლობა – ეს, თითქოსდა, ურთიერთსაპირისპირო გრძნობები, ერთი მედლის ორი მხარეა. მხოლოდ მზრუნველ, უსაფრთხო გარემოშია შესაძლებელი დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბება. მაგრამ მშობლების ურთიერთობა შვილებთან, ხშირად, შორს დგას ამ იდეალისაგან.

 

ბავშვის განვითარება

ყველა ადამიანი გარკვეული შესაძლებლობებითა და უნარებით იბადება და მათი განვითარებისათვის მზრუნველი, კეთილისმყოფელი გარემოა საჭირო. განვითარება სამ ძირითად სფეროში ხდება. ესენია _ ფიზიკური, კოგნიტური ანუ შემეცნებითი და ფსიქოსოციალური სფეროები.

  1. ფიზიკურ სფეროს მიეკუთვნება სხეულისა და ორგანოების ზომა და ფორმა, ტვინის სტრუქტურა, სენსორული შესაძლებლობები (შეგრძნებები) და მოტორული (სამოძრაო) უნარები.
  2. კოგნიტური სფერო მოიცავს გონებრივ შესაძლებლობებს – აღქმას, მეხსიერებას, აზროვნებას, მეტყველებას და წარმოსახვას.
  3. ფსიქოსოციალური სფერო გულისხმობს პიროვნულ თავისებურებებს და სოციალურ უნარებს. ამ სფეროს მიეკუთვნება ადამიანისათვის დამახასიათებელი ქცევისა და ემოციური რეაგირების ინდივიდუალური სტილი, ანუ, ის, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი სოციალურ გარემოს და როგორ რეაგირებს მასზე.

განვითარების პროცესში სამივე სფერო ქმნის ერთ მთლიან სისტემას. ამიტომ, ერთ რომელიმე სფეროში ცვლილებას აუცილებლად მოჰყვება ცვლილებები სხვა სფეროებში.

რა განსაზღვრავს ადამიანის თავისებურებებს – მემკვიდრეობა თუ გარემო? ეს საკითხი მეცნიერებს შორის დღესაც დავის საგანია. ძნელია, ადამიანის ესა თუ ის პიროვნული თვისება ან ქცევის სტილი მხოლოდ მემკვიდრეობით აიხსნას. ასევე ვერ ვიტყვით დანამდვილებით, რომ რაიმე ფიზიკური შესაძლებლობა ან ქცევა მხოლოდ გარემოს ზეგავლენით ჩამოყალიბდა. არ არსებობს გენი, რომელიც განაპირობებს კალათში ბურთის “ჩადების” უნარს კალათბურთის თამაშის დროს, მაგრამ ადამიანის ძვლების სიგრძეს გენი განსაზღვრავს და, შესაბამისად, ზოგიერთ ადამიანს გენეტიკურად განპირობებული სიმაღლე საშუალებას აძლევს სხვებზე უკეთ განახორციელოს ეს ქცევა. მეორე მხრივ, თუ ადამიანი არ ისწავლის კალათბურთის თამაშს, მხოლოდ სიმაღლე არ არის საკმარისი ამ ილეთის შესასრულებლად.

ამდენად, ნებისმიერი ქცევა საჭიროებს როგორც თანდაყოლილ შესაძლებლობებს, ისე სათანადო გარემოს. მთავარი ის კი არ არის, რა არის ადამიანის განვითარებაში წამყვანი _ მემკვიდრეობა თუ გარემო, არამედ ის, როგორ ურთიერთქმედებენ გენები და გარემო პირობები.

«დაბადების აქტით ახალშობილი ინდივიდის დამოუკიდებელი არსებობა იწყება… პატარა ადამიანი აბიჯებს ცხოვრების ბჭეს და სრულიად ახალ გარემოში იწყებს არსებობას. მაგრამ როგორია ეს ახალი გარემო? … ის ხომ ამიერიდან იმ დიდ ფიზიკურ სამყაროში იწყებს ცხოვრებას, რომელიც მოვლენათა აურაცხელ მრავალფეროვნებას შეიცავს… ახალდაბადებული ბავშვი ამ ულმობელი სამყაროს მკვიდრად იქცევა» (დ. უზნაძე).

ადამიანი დაბადების მომენტში არის არა სუფთა დაფა, რომელზეც ნებისმიერი რამის დაწერა შეიძლება, არამედ, ყურადღებით წასაკითხი ფურცელია. როგორ გაუმკლავდება ადამიანი «ულმობელი სამყაროს» მიერ წაყენებულ ამოცანებს, დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად გულდასმით წაიკითხავენ უფროსები ამ ფურცელს.

ბავშვის განვითარების სტიმულირება ხდება უფროსების მხრიდან. თამაშის, ჩაცმის, ჭამის ან ბანაობის დროს მშობლის ან მომვლელის მხრიდან თბილი და მზრუნველი დამოკიდებულება, აქტიური კონტაქტი, ლაპარაკი მნიშვნელოვან სტიმულაციას წარმოადგენს ბავშვისათვის. ასეთ ურთიერთობას მოკლებული პატარები ხშირად პასიურები ან აგრესიულები არიან, რადგან მათი სამეტყველო თუ სოციალური წარმატებების წახალისება და განმტკიცება მუდმივი ემოციური უკუკავშირით არ ხდება. ასეთი ბავშვები საკუთარი გამოცდილებით რწმუნდებიან, რომ მათი მცდელობები უპასუხოდ რჩება და პასიურობას ამჯობინებენ ან აგრესიულად რეაგირებენ.

მემკვიდრეობისა და გარემოს ურთიერთქმედება ყველაზე ნათლად ჩანს სქესისთვის დამახასიათებელი თავისებურებების განხილვისას. ადამიანის სქესი გენეტიკური კოდით არის განპირობებული. ამიტომ ზოგიერთები თვლიან, რომ ქალურ თუ მამაკაცურ ხასიათს ან ქცევას ასევე გენეტიკა განსაზღვრავს. საპირისპირო თვალსაზრისის მომხრეების აზრით, ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავებას განაპირობებს გარემო ფაქტორები, ანუ ის, რომ სოციუმი განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებს სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებს.

სქესობრივი ანუ გენდერული იდენტურობის ჩამოყალიბებაში ბიოლოგიური და  გარემო ფაქტორები მჭიდროდ არის ერთმანეთში გადაჯაჭვული და რომელიმეს იგნორირება არ იქნებოდა მართებული. გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ბიჭები, საშუალოდ, უფრო დიდი წონისანი იბადებიან და სიარულის დაწყების პერიოდში მეტი აგრესიულობით ხასიათდებიან; სკოლამდელი ასაკის ბიჭები უფრო იმპულსურები, აქტიურები და ენერგიულები არიან; მოზრდილ მამაკაცებს ძვალ-კუნთოვანი სისტემა უფრო განვითარებული აქვთ, ვიდრე ქალებს. გოგონები კი უფრო ადრე იწყებენ ლაპარაკს; მათში ბიჭებზე 2-3 წლით ადრე იწყება სქესობრივი მომწიფება; ქალები სიცოცხლის მეტი ხანგრძლივობით გამოირჩევიან.

ეს ყველაფერი ბიოლოგიურად განპირობებული განსხვავებებია, მაგრამ არსებობს სხვა თავისებურებებიც, რომელთაც საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმები განსაზღვრავს. საზოგადოებაში არსებობს მყარად ფესვგადმული წარმოდგენა ქალურობისა და მამაკაცურობის შესახებ. მშობლები შვილებს ამ სტერეოტიპების შესატყვისად აფასებენ –  ”გოგოსავით მტირალა”, “ბიჭივით ცელქი”. ზრდის პროცესში ბავშვი მშობლებისგან ითვისებს მისი სქესის შესატყვის ქცევებს და მანერებს არა მარტო მიბაძვით, არამედ სურვილით, გაამართლოს მშობლების მოლოდინი და დაიმსახუროს მათგან მოწონება.

არსებობს უნივერსალური ნორმები, რომლებიც საერთოა ყველა ქვეყნისა და კულტურისათვის. წარმოიდგინეთ ორი ადამიანი. ერთი – “ძლიერი, რისკიანი, უხეში, დამოუკიდებელი, დომინანტური და ძალაუფლების მოყვარული”, მეორე კი “სუსტი, ნაზი, ემოციური, მეოცნებე, დამთმობი და მორჩილი”. თუ ფიქრობთ, რომ პირველი მათგანი მამაკაცია და მეორე ქალი, თქვენ უამრავი თანამოაზრე გყავთ ყველა კონტინენტზე.

10 მცნება მშობლებისათვის

 

  1. ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე მას საკუთარი თავის პოვნაში;
  2. ნუ მოსთხოვ შენს შვილს საფასურს ყოველივე იმისათვის, რაც მას გაუკეთე. შენ მას სიცოცხლე მიეცი, რითი უნდა გადაგიხადოს? ის სხვას მისცემს სიცოცხლეს და ეს არის მადლიერების შეუქცევადი კანონი.
  3. ნუ გადმოანთხევ შენს ბრაზს შენს შვილზე, თუკი გინდა, რომ ტკბილი სიბერე გქონდეს. რამეთუ, რასაც დასთეს, იმას მოიმკი.
  4. ნუ შეხედავ შენი შვილის პრობლემებს ზერელედ, რაც უნდა არასერიოზულად მოგეჩვენოს ისინი. შესაძლოა, იმ მომენტში მისთვის ცხოვრება უფრო მძიმეც კი იყოს, ვიდრე შენთვის, რადგან მას გამოცდილება არა აქვს.
  5. არასოდეს დაამცირო!
  6. ეცადე, ყოველთვის გამონახო დრო შვილებთან ურთიერთობისათვის. გახსოვდეს, რომ ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა საკუთარ შვილებთან შეხვედრაა.
  7. ნუ დაიტანჯავ თავს იმის გამო, რომ რაღაცის გაკეთება არ შეგიძლია შენი შვილისთვის. იმ შემთხვევაში მოსთხოვე შენს თავს პასუხი, თუკი შეგიძლია, მაგრამ არ აკეთებ.
  8. ბავშვი არ არის ტირანი, რომელიც მთელ შენს ცხოვრებას ეუფლება – ეს არის სათუთი სული, რომელიც ცხოვრებამ მოგაბარა, რათა გაუფრთხილდე და განავითარო.
  9. მიიღე და გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი – თუნდაც, ნაკლებად ნიჭიერი ან ნაკლებად იღბლიანი და წარმატებული.
  10. შეიგრძენი მასთან ურთიერთობის სიხარული, რამეთუ ბავშვი დღესასწაულია, რომელიც ჯერ-ჯერობით შენთანაა.

იანუშ კორჩაკი