რეალობისაგან გაქცევა, ანუ რა არის დამოკიდებულება

 “ნარკოტიკებს მოიხმარენ იმისათვის, რომ გაექცნენ რეალობას; მაგრამ გაუგებარია, რატომ გავურბივართ რეალობას, როცა ის ასეთი მდიდარი და მრავალფეროვანია?”

ჯერალდინა ჩაპლინი

რეალობისაგან  გაქცევის  სურვილი  ყველა  ჩვენთაგანისათვის ნაცნობია,  მაგრამ  ხშირად  არ ვფიქრობთ  იმაზე,  რომ,  შესაძლოა, ეს  სურვილი  პრობლემად  იქცეს. ადამიანებს,  რომლებსაც  უჭირთ გარემოსთან  ან  სირთულეებთან შეგუება, შიში ეუფლებათ არსებული სინამდვილის წინაშე. სწორედ ეს შიში ბადებს სხვა რეალობაში გაქცევის სურვილს. რეალობისაგან გაქცევის ყველაზე გავრცელებულ საშუალებებს ფსიქოაქტიური ნივთიერებები წარმოადგენს.

ვისაც  შეუმჩნევია,  რომ  ნარკოტიკების საშუალებით, ანუ “ღილაკზე თითის დაჭერით” ცუდი ემოციები  ქრება,  იგი  ამ  საშუალებით  თანდათან  თრგუნავს  საკუთარი  ფიზიკური და  სულიერი  რეგულაციის ბუნებრივ პროცესს. ფსიქოაქტიური ნივთიერებების საშუალებით  პრობლემის  “ქიმიური  განდევნა”  ბევრად უფრო  სწრაფი  და  იოლი  გზა  გახლავთ,  ვიდრე  საკუთარ  თავზე  მუშაობა.  რაც  უფრო  ხშირად  განიცდის ადამიანი “ღილაკზე თითის დაჭერით” ხანმოკლე შვებას, მით უფრო იზრდება ასეთი საშუალებების მიმართ ლტოლვა.  იქმნება  ავტომატიზმი,  რომელიც  ყოველი უგუნებობის  მომენტში  იწყებს  ფუნქციონირებას. დროთა  განმავლობაში  წარმოუდგენელი  ხდება  ამ დახმარების გარეშე სულიერი სიმშვიდის მოპოვება, თანდათან ინგრევა უკან დასახევი გზა და იკვრება მანკიერი წრე…

როდესაც  რაიმე  ნივთიერება  ან  ქცევა  ადამიანის ცხოვრებაში  განსაკუთრებულ  მნიშვნელობას  იძენს, ადამიანი კარგავს თავისუფლებას და დამოკიდებული ხდება სიამოვნების მომტან საშუალებაზე.

პათოლოგიური  დამოკიდებულება  არის  რეალობისაგან  გაქცევის  საშუალებებზე  მუდმივი ფიქრის  მდგომარეობა,  რასაც ადამიანის  დროისა  და  ენერგიის  უდიდესი  ნაწილი  მიაქვს. პათოლოგიური დამოკიდებულების ერთ-ერთ გამოხატულებას წამალდამოკიდებულება (ქიმიური დამოკიდებულება, ნარკომანია) წარმოადგენს.

სიამოვნების მიღება, პრობლემებისაგან გაქცევა და საკუთარი ემოციების მართვა შეიძლება არა მხოლოდ “ქიმიური გზით”, არამედ ბევრი სხვა საშუალებით – კომპიუტერით, ტელევიზორით, ყოველდღიური სენსაციური პრესით, ტკბილეულითა და საკვებით, აზარტული თამაშებით და ა.შ. ნებისმიერმა ამ საშუალებათაგან შეიძლება ნარკოტიკის ფუნქცია შეასრულოს, თუკი მათზე დამოკიდებულნი გავხდებით. ეს არის ქცევითი დამოკიდებულება, ანუ „ნარკომანია ნარკოტიკების გარეშე“.

რა თქმა უნდა, არც ერთი ჩვენთაგანი არ არის ბოლომდე თავისუფალი – სიყვარული, მეგობრული მოვალეობები, პასუხისმგებლობა ახლობელი ადამიანების წინაშე – ყველაფერი ეს დამოკიდებულს გვხდის გარემოზე, მაგრამ საკუთარი  მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე დამოკიდებულება, იქნება ეს კვებითი, კომპიუტერული თუ ნარკოტიკული, განაპირობებს ადამიანის პიროვნულ და ფიზიკურ დაქვეითებას და გაღარიბებას.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>