ფსიქოაქტიური ნივთიერებები

რას ნიშნავს ფსიქოაქტიური ნივთიერება?

ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ცვლის ფსიქიკურ მდგომარეობას, წარმოადგენს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას. ფსიქოაქტიური ნივთიერებებს მიეკუთვნება ალკოჰოლი, თამბაქო, კოფეინი, ნარკოტიკები და ის მედიკამენტები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

 

რა არის ნარკოტიკი?

ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც იწვევს დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და/ან აკრძალულია კანონმდებლობით, ნარკოტიკებს მიეკუთვნება. ვერ ვიტყვით, რომ ყველა ფსიქოაქტიური ნივთიერება ნარკოტიკია, მაგრამ ყველა ნარკოტიკი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა.

 

რას ნიშნავს ფსიქოტროპული მედიკამენტები?

ფსიქოაქტიურმა ნივთიერებამ შეიძლება სამკურნალო ზეგავლენა მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც სამკურნალოდ გამოიყენება, ცნობილია ფსიქოტროპული მედიკამენტების სახელწოდებით. მათი გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე ისევე იწვევს მიჩვევას და დამოკიდებულებას, როგორც ნარკოტიკები.

 

როგორ ხდება მიჩვევა?

ფსიქოაქტიური ნივთიერების სისტემატური მოხმარების შედეგად სუსტდება ორგანიზმის მგრძნობელობა ამ ნივთიერების მიმართ და  უწინდელი ეფექტის მისაღებად აუცილებელი ხდება დოზის მომატება. მედიცინაში ამ მოვლენას ტოლერანტობა ეწოდება. ტოლერანტობა არის ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე დამოკიდებულების ერთ-ერთი მაჩვენებელი.

 

რას ნიშნავს ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე დამოკიდებულება?

დამოკიდებულება არის ქრონიკული, ხშირად განმეორებადი დაავადება, რომელიც ვლინდება ფსიქოაქტიური ნივთიერების დაუძლეველი მოთხოვნილებით და  ხშირი მიღებით. დამოკიდებული ადამიანი იძულებულია მუდმივად მიიღოს ფსიქოაქტიური ნივთიერება.

 

 

რა მოხდება, თუ დამოკიდებული ადამიანი შეწყვეტს ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღებას?

ვითარდება აღკვეთის მდგომარეობა, ნარკოტიკზე დამოკიდებულთა ჟარგონით – „ლომკა“, რომელიც თავს იჩენს ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების შეწყვეტისას. ეს არის ორგანიზმის რეაქცია – ჩვეული ნივთიერების ნაკლებობით გამოწვეული „შიმშილი“. ეს საკმაოდ ძნელად ასატანი მდგომარეობა სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებისათვის სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობისაა. ეს ნიშნავს, რომ ჩამოყალიბდა ფიზიკური დამოკიდებულება ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე.

ზოგი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეწყვეტისას ორგანიზმის რეაქცია ნაკლებად არის გამოხატული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დამოკიდებულება არ ჩამოყალიბებულა.

ფიზიკურ დამოკიდებულებაზე ძნელად გადასატანი და ბევრად ხანგრძლივია ფსიქიკური დამოკიდებულება: მაშინაც, როცა ორგანიზმი არ ითხოვს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, ადამიანი თავს მშვიდად ვერ გრძნობს – არ ასვენებს ამ ნივთიერების მიღების სურვილი. თავს იჩენს მოუსვენრობა, შფოთვა, გაღიზიანებადობა, უგუნებობა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>