პრევენციის არსი

ნარკომანიის პრობლემა წარმოადგენს დინამიურ მოვლენას. მისი არსებობა ორ ძირითად კანონზომიერებას ექვემდებარება: პირველის თანახმად, რაც უფრო პასიური და მომთმენია საზოგადოება ამ პრობლემის მიმართ, მით უფრო მეტი ადამიანი ექცევა წამალდამოკიდებულების ტყვეობაში. მეორე კანონზომიერების თანახმად, ადამიანს, რომელიც ნარკოტიკის მომხმარებელთა გარემოცვაში იმყოფება, უფრო მეტი შანსი აქვს, თავადაც გახდეს ნარკომანი, ვიდრე იმ ადამიანს, ვინც ფხიზელ საზოგადოებაში ცხოვრობს.

შეკითხვის არსი: რა უფრო საშიშია, ალკოჰოლიზმი თუ ნარკომანია, მდგომარეობს შემდეგში: რომლით სიკვდილს ამჯობინებთ?  გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მხოლოდ ნარკოტიკების აკრძალვით ან ხელმისაწვდომობით (ღვინის შემთხვევაში) პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება. ამიტომ, უნდა ვასწავლოთ ახალგაზრდობას არაჯანსაღ საზოგადოებაში, ანუ ნარკოტიკებისა და ნარკოტიკების მომხმარებელთა გარემოცვაში ცხოვრება. ეს კი ნარკომანიის პირველადი პრევენციის პრეროგატივაა.

ნარკომანიის გავრცელების პროფილაქტიკასთან მიმართებაში კაცობრიობა დღემდე მცდარი შეხედულებების ტყვეობაში იმყოფება. მათ შორის, მთავარია ის, რომ ბევრს ჰგონია: “მე და ჩემს ახლობლებს ეს არ დაგვემართება, რატომ უნდა შევიწუხო თავი?”. სამწუხაროდ, ბევრი განვითარებული ქვეყნის, რესპექტაბელური ოჯახისა თუ წარმატებული სკოლის სავალალო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ნარკომანიისათვის საზღვრები არ არსებობს.

მეორე მცდარი შეხედულება: “ნარკომანიის პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა მე არ მეხება, ეს სპეციალისტების საქმეა”. იმ ადამიანებზე ზრუნვა, ვისაც ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, ნამდვილად სპეციალისტების საქმეა, მაგრამ როცა საუბარია არა მკურნალობაზე, არამედ ნარკომანიის პროფილაქტიკაზე – ამ საქმეში ყველას შეუძლია საკუთარი, თუნდაც მცირედი წვლილის შეტანა.

ზოგადად, პრევენცია ნიშნავს რაიმე ნეგატიურის თავიდან აცილებას, თუმცა ჯანმრთელობის კონტექსტში პრევენცია შეიძლება განვმარტოთ, როგორც პროცესი, რომელიც ადამიანებს აწვდის რესურსებს ისეთი ქცევების თავიდან ასაცილებლად, რომელთაც შედეგად მოყვება უარყოფითი ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სოციალური შედეგები.

დაავადებათა პრევენცია – (იგივე პროფილაქტიკა) – ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიმართულია ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და განმტკიცებაზე, დაავადებათა აღმოცენების თავიდან აცილებაზე და ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივებაზე.

პრევენციის ტრადიციული კლასიფიკაცია სამი დონისაგან შედგება და ნარკოტიკების მოხმარებასთან მიმართებაში ასე გამოიყურება:

  1. ირველადი პრევენცია – ახალი მომხმარებლების რაოდენობის შემცირება (ნარკოტიკების მოხმარების დაწყების პრევენცია)
  2. მეორადი პრევენცია – ნარკოტიკების არსებულ მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება (ნარკოტიკების მოხმარების გაგრძელების პრევენცია);
  3. ესამეული პრევენცია – ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის, არამომხმარებლებისა და საზოგადოებისათვის ნარკოტიკებით გამოწვეული ჯანმრთელობის, სამართლებრივი, სოციალური ზიანის დონის შემცირება (ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირება).

 

ზრუნვა ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, რადგან ჯანმრთელობისათვის საზიანო ცხოვრების სტილის ფესვები ბავშვობაში და, განსაკუთრებით, მოზარდობის პერიოდში უნდა ვეძებოთ.

 

ბავშვის განვითარების ადრეული წლები საფუძველს უყრის მომავალში მისი ჩამოყალიბებისა და ქცევის მახასიათებლებს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სწორი კვება, ჯანსაღი გარემო, მეტყველებითი, მოტორული და პროსოციალური უნარების განვითარება, სითბო და მზრუნველობა უფროსების მხრიდან.

სკოლამდელი ასაკის ბავშვს სჭირდება საკუთარ თავში დარწმუნებულობის, არჩევანის გაკეთების, კომუნიკაციური უნარების განვითარება, კოოპერაციული თამაშისა და სწავლის გამოცდილება, უსაფრთხო გარემო.

დაწყებითი საკოლო ასაკი ის პერიოდია, როცა რადიკალურად იცვლება ბავშვის ცხოვრების სტილი – მას უჩნდება ვალდებულებები. ამ ასაკის ბავშვი სწავლობს ემოციების მართვას, საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღებას, პრობლემების გადაჭრას. სხვადასხვა სფეროში ბავშვის კომპეტენციის განვითარების შედეგად მნიშვნელოვნად ვითარდება “მე”- ს განცდა. ამ დროს აუცილებელია ბავშვის პიროვნული და სოციალური  ზრდის ხელშეწყობა.

მოზარდობის პერიოდში ახალგაზრდის წინაშე უამრავი პრობლემა და ამოცანა დგას, გაცილებით მეტი, ვიდრე შემდგომი ცხოვრების ნებისმიერ სხვა პერიოდში: მან უნდა მოიპოვოს აღიარება თავის ასაკობრივ ჯგუფში, ისწავლოს პარტნიორული ურთიერთობები, დაიწყოს სექსუალური ცხოვრება, აირჩიოს პროფესია; ამ დროს ყალიბდება ღირებულებათა სისტემა, ვითარდება თვითშემეცნება.

ცნობილია, რომ სპეციფიკური გარემოებების ზეგავლენით ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს რაიმე საშუალებაზე ან ქმედებაზე დამოკიდებული. ნარკოტიკებისადმი ლტოლვის აღმოცენების მიზეზები მრავალგვარია. გარდატეხის პერიოდში ასეთ მიზეზებს მიეკუთვნება: დიდობისა და უფროსების კონტროლისაგან გათავისუფლების სურვილი; ამავე დროს, სახეზეა მოზარდის ემოციური მოუმწიფებლობა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, საკუთარი ქცევის გაკონტროლების არასაკმარისი უნარი, არამყარი და ზოგჯერ არასწორი ფასეულობათა სისტემა, თანატოლების ზეგავლენა, პრონარკოტიკული განწყობა მიკროსოციალურ გარემოში, ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა, ადეკვატური ინფორმაციის ნაკლებობა, ცხოვრებისეული ან ყოფითი პრობლემები და სხვ. ამას ემატება ცნობისმოყვარეობა და უჩვეულო შეგრძნებების განცდის სურვილი.

 

უფროსებმა მოზარდს განვითარების პირობები უნდა შეუქმნან და ეს უნდა გაკეთდეს დიდი სიფრთხილითა და მზრუნველობით – პატივი სცენ მოზარდის ღირსებას, დაეხმარონ მას სწორი თვითშეფასებისა და ფასეულობების ჩამოყალიბებაში და  საჭიროების დროს მისცენ სასარგებლო რჩევები. ყველაფერი ეს ხელს უწყობს მოზარდის პიროვნულ და სოციალურ მომწიფებას.

ნარკომანიის თავიდან აცილების თანამედროვე ადრეული, ანუ პირველადი პროფილაქტიკა დაფუძნებულია იმაზე, რომ მის ცენტრში მოთავსებულია მოზარდი და მისი ცხოვრების სამი ძირითადი სფერო – ოჯახი, საგანმანათლებლო დაწესებულება და თავისუფალი დრო.

პრევენციული განათლების არსი მდგომარეობს შემდეგში: ადამიანმა უნდა გააცნობიეროს ის ჭეშმარიტება, რომ თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარ ჯანმრთელობაზე და რომელიმე ფსიქოაქტიური ნივთიერების გასინჯვამდე უნდა ჰქონდეს ობიექტური წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ნივთიერების მოხმარებას. მიღებული ცოდნა უნდა იქცეს ქცევის რეალურ მოტივად. ამისათვის, ობიექტური ინფორმაციის გარდა, ადამიანს უნდა გააჩნდეს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც ხელს უწყობს კონკრეტულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღებას და მის განხორციელებას.

შეუძლებელია ნარკოტიკებისაგან მოზარდების სრული იზოლირება, მაგრამ შესაძლებელია, ვასწავლოთ მათ ნარკოტიკების გააზრებული უარყოფა.

ნარკომანიის პრევენციის საუკეთესო პროგრამა მარტივია: ბავშვებზე ზრუნვა, მათი მხარდაჭერა და სწავლება. ეს პრევენციული პროგრამა იწყება ოჯახში და გრძელდება სკოლაში და სხვა სოციუმში. ეფექტური პრევენციული სტრატეგია  დაფუძნებულია ნარკოტიკების მოხმარების ხელშემწყობი ფაქტორების შემცირებაზე და დამცავი ფაქტორების განმტკიცებაზე და ითვალისწინებს ბავშვის განვითარების სხვადასხვა სტადიაზე არსებულ თავისებურებებსა და საჭიროებებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>