რატომ მოიხმარენ მოზარდები ნარკოტიკებს

გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი  გამძაფრებული ცნობისმოყვარეობა, ხასიათის პარადოქსულობა, ეგოცენტრიზმი, ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნილება, მძაფრი შთაბეჭდილებებისა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა, პრობლემებთან გამკლავებისა და ადაპტაციის არასაკმარისი უნარი მოზარდს ბევრ სირთულეს უქმნის. ეს სირთულეები იწვევს შფოთვას, დაძაბულობას, დაურწმუნებლობის გრძნობას და შინაგანი წონასწორობის დაკარგვას. ამ უსიამოვნო განცდებისაგან თავის დაღწევის ერთ-ერთ საშუალებად შეიძლება ფსიქოაქტიური ნივთიერება იყოს გამოყენებული.

სპეციალისტები ადიქტიური ქცევის რამოდენიმე მოდელს გამოყოფენ:

1. დამამშვიდებელი მოდელი – ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება ხდება სულიერი სიმშვიდის მოპოვების მიზნით. ნარკოტიკების საშუალებით ცდილობენ, მოიხსნან ნერვული დაძაბულობა, დაწყნარდნენ, განიმუხტონ, გაექცნენ უსიამოვნო რეალობას ან ცხოვრებისეულ პრობლემებს (“ნარკოტიკს ვიღებ იმისთვის, რომ უფრო მშვიდად ვიყო”).      მოზარდები, რომლებსაც უძნელდებათ ინტერპერსონალური ურთიერთობები და უჭირთ გარემოსთან შეგუება, მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობის მდგომარეობაში იმყოფებიან. ასეთი მოზარდებისათვის, რომლებმაც არ იციან, როგორ დაარეგულირონ ურთიერთობები ოჯახში, სკოლაში, მეგობრებთან, ფსიქოაქტიური ნივთიერებები “წყალწაღებულისათვის ხავსზე მოჭიდების” ფუნქციას ასრულებენ. იქმნება იმის საშიშროება, რომ ცხოვრებაში ნებისმიერ წინააღმდეგობასთან შეჯახებისას რეალობისაგან გაქცევის საშუალებად გამოყენებული იქნას ფსიქოაქტიური ნივთიერება.

ზოგჯერ, ფსიქოაქტიური ნივთიერებები ემოციური დისკომფორტის (დეპრესია, შფოთვა, აპათია) მოსახსნელად გამოიყენება; სურთ, ნარკოტიკების დახმარებით გაიუმჯობესონ გუნებ-განწყობა, რთულ, კრიტიკულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში მიაღწიონ ემოციურ კომფორტს. ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე მიჩვევა, როგორც თვითმკურნალობის ერთ-ერთი გამოვლინება, შეიძლება განვითარდეს ნევროზული ან ფსიქიკური აშლილობების საწყის ეტაპზე, როცა ამ აშლილობების აშკარა ნიშნები ჯერ გამოვლენილი არ არის.

2. კომუნიკაციური მოდელი – ნარკოტიკებზე მიჩვევის ეს მოდელი შეიძლება აღმოცენდეს, თუკი არ კმაყოფილდება თბილი, კეთილგანწყობილი ურთიერთობების, სიყვარულის მოთხოვნილება. ფსიქოაქტიური ნივთიერებების ფონზე მოზარდს უადვილდება თანატოლებთან ურთიერთობა, ხდება უფრო თამამი და თავდაჯერებული (“ნარკოტიკს ვიღებ იმისთვის, რომ გამიადვილდეს სხვებთან ურთიერთობა”). ცნობილია, რომ ალკოჰოლიზმით დაავადებულთა დაახლოებით 30%-მა დაიწყო იმითი, რომ სხვა ადამიანებთან  (განსაკუთრებით, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან) ურთიერთობის წინ სითამამისათვის ცოტას გადაჰკრავდა ხოლმე. ასეთ მეთოდს, უფრო ხშირად, საკუთარ თავში ჩაკეტილი, დაურწმუნებელი, ემოციურად მოწყვლადი მოზარდები მიმართავენ.

3. გამააქტივებელი მოდელი – ზოგჯერ, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მოზარდები  ძალების მოზღვავების, ტონუსში ყოფნის, აქტიურობის მომატების მიზნით მოიხმარენ. გარდატეხის პერიოდისათვის დამახასიათებელი დაბალი თვითშეფასება, საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში დაურწმუნებლობა მათ დისკომფორტს უქმნის; თრობის მდგომარეობაში უფრო ადვილია რეალური და წარმოსახვითი შესაძლებლობების რეალიზება, “გმირული საქციელის” ჩადენა. სხვა შემთხვევებში, ნარკოტიკების მიღება მოწყენილობის, სულიერი სიცარიელისა და უმოქმედობის მდგომარეობისაგან თავის დაღწევის მცდელობაა.

4. ჰედონისტური მოდელი – ფსიქოაქტიური ნივთიერებები გამოიყენება სიამოვნების მიღების, ფსიქო-ფიზიკური კომფორტის მიღწევის მიზნითაც (“ნარკოტიკს ვიღებ იმიტომ, რომ მე ეს მომწონს”). მოზარდები ცდილობენ, შეიქმნან მოჩვენებითი ფანტასტიკური სამყარო, შეიგრძნონ განცხრომის მდგომარეობა. ქიმიური გზით სიამოვნების მიღებისაკენ სწრაფვის მიზეზს ის წარმოადგენს, რომ მათ არა აქვთ საშუალება ან არ იციან, როგორ გაირთონ თავი სხვა გზით (სპორტული, შემოქმედებითი ან სხვა აქტივობა) და ნარკოტიკის მიღების გზით ცდილობენ დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების რეალიზებას. თუკი ნარკოტიკულმა თრობამ სასურველი სიამოვნება მიანიჭა, მოზარდს ძალიან მალე ემუქრება ამ ნივთიერების მიჩვევის საშიშროება.

5. კონფორმული მოდელი – მოზარდის სწრაფვა, მიბაძოს, არ ჩამორჩეს თანატოლებს, აღიარებული იქნას მათ მიერ, შეიძლება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მიზეზად  მოგვევლინოს. ძალიან ხშირად ნარკოტიკის მოხმარება იწყება არაფორმალურ ჯგუფებში. იმისათვის, რომ მიღებული იქნას ჯგუფში, შეიგრძნოს ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის სასიამოვნო მდგომარეობა, გაიმყაროს სოციალური სტატუსი, მოზარდი იძულებულია, გაიზიაროს ჯგუფში არსებული ყველა ნორმა თუ ქცევის მოდელი (“ნარკოტიკს ვიღებ იმიტომ, რომ ჩემი მეგობრებიც ასე იქცევიან”). ამ მოდელის განვითარება დაკავშირებულია მოზარდის სწრაფვასთან, მიბაძოს ლიდერებს, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე გადმოიღოს ყველაფერი, რაც იმ კოლექტივს ეხება, რომელსაც ის მიეკუთვნება.

6. მანიპულაციური მოდელი – შესაძლოა, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება გამოყენებულ იქნას სხვებით მანიპულირების, სიტუაციის საკუთარი თავის სასარგებლოდ შეცვლის, რაიმე უპირატესობის მოპოვების მიზნით. მაგალითად, ისტერიული ხაზების მატარებელი მოზარდები ალკოჰოლს ან ნარკოტიკს ეტანებიან ყურადღების მისაქცევად ან საკუთარი უნიკალურობის სადემონსტრაციოდ; ეპილეპტოიდური მოზარდები ნარკოტიკების საშუალებით ცდილობენ, აკონტროლონ სიტუაცია, ლიდერის როლში მოგვევლინონ.

7. კომპენსატორული მოდელი – ქცევის ამ მოდელს განაპირობებს პიროვნული არასრულფასოვნების ან ხასიათის დისჰარმონიის კომპენსირების საჭიროება. ნარკოტიკის მოხმარება შეიძლება წარმოადგენდეს სიძნელეებზე რეაგირების ფორმას იმ მოზარდებისათვის, ვინც ცუდად იტანს კონფლიქტებს და ნებისმიერ სიძნელეს სკოლაში თუ სახლში; ეს მათ სირთულეების დაძლევის შთაბეჭდილებას უქმნის და უსიამოვნო განცდებისაგან თავის არიდების საშუალებას აძლევს.

მოზარდობის პერიოდის კრიზისი ადიქტიური ქცევის ფორმირების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. და მაინც, რატომ მოიხმარენ მოზარდები ნარკოტიკებს? ამ ურთულეს კითხვას პირობითად შეიძლება ასე ვუპასუხოთ:

  1. იმიტომ, რომ ნარკოტიკი ხელმისაწვდომი გახდა და მას ადამიანებს სთავაზობენ, როგორც არალეგალური ბაზრის პროდუქტს;
  2. იმიტომ, რომ მოზარდის უახლოეს გარემოცვაში ბევრი ადამიანი მოიხმარს ნარკოტიკს და მასაც სთავაზობენ, მას კი წინააღმდეგობის გაწევის მწირი რესურსი გააჩნია;
  3. იმიტომ, რომ მოზარდის ფსიქიკა განსაკუთრებით მოწყვლადია და გარდატეხის პერიოდის ფსიქოლოგიური თავისებურებები ნოყიერ ნიადაგს ქმნის ნარკოტიკების მოხმარებისათვის;
  4. იმიტომ, რომ მოზარდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური ურთიერთობების დამყარება (სოციალიზაცია) და გარკვეული ჯგუფისადმი “მიკუთვნებულობა” მისთვის დამოუკიდებლობისა და თვითდამკვიდრების ერთ-ერთი გამოვლინებაა. ნარკოტიკების პირველი მიღების მიზეზს ხშირად სწორედ მიკროსოციალურ გარემოცვაში თვითდამკვიდრების სურვილი წარმოადგენს.
  5. იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარეობს ფასეულობათა გადაფასების მტკივნეული პროცესი – დაიმსხვრა ძველი ღირებულებები და ნორმები, ახალი კი ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია; ასეთ ვითარებაში კი გაცილებით ადვილია ადამიანებით მანიპულირება;
  6. იმიტომ, რომ ნარკოტიკების პათოლოგიური ზემოქმედება იწყება ორგანიზმის მოლეკულურ დონეზე, ხოლო ნარკოტიკული დამოკიდებულება ყალიბდება ორგანიზმის შემადგენელი ფუნქციური სისტემების დონეზე; მაგრამ ამ პროცესებს ადამიანი ვერ აღიქვამს და, შესაბამისად, დასაწყისში, საფრთხესაც ვერ გრძნობს, სანამ ნარკოტიკული დამოკიდებულების ხაფანგში არ აღმოჩნდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>