ქცევითი დამოკიდებულება

ქცევითი დამოკიდებულების შემთხვევაში ადამიანი  გამუდმებით იმეორებს ერთსა და იმავე ქცევას (აკვიატებული ქცევა), რადგან უნდა, რომ კვლავ განიცადოს ადრე მიღებული კმაყოფილება. წამალთდამოკიდებულებისაგან ქცევითი დამოკიდებულება განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ პირველ შემთხვევაში დამოკიდებულების ობიექტი არის ქიმიური ნივთიერება (ნარკოტიკი), ხოლო ქცევითი დამოკიდებულების შემთხვევაში კი – აკვიატებული ქცევა.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, ანუ გემბლინგი  მოიცავს კაზინოზე, კომპიუტერულ თამაშებზე, სათამაშო ავტომატებზე, ტოტალიზატორზე დამოკიდებულებას. გემბლინგი ხასიათდება თამაშის პროცესში ჩართულობის მაღალი ხარისხით, ადრინდელი ინტერესების გაუფასურებით, თამაშზე მუდმივი ფიქრით, კონტროლის დაკარგვით (თამაშის დროზე შეწყვეტის შეუძლებლობა), თამაშის გარეშე სიტუაციაში დისკომფორტით, სათამაშო აქტივობის რიტმის თანდათანობითი გახშირებით. აზარტული თამაშები იქცევა ძლიერი ემოციების ერთადერთ წყაროდ და, ხშირად, ადამიანი მიჰყავს ისეთივე დეგრადაციამდე, როგორსაც ალკოჰოლიზმი და ნარკომანია იწვევს.

სამუშაოზე დამოკიდებულება საფრთხის შემცველია იმის გამოც, რომ თავგადაკლული მუშაობა პიროვნებისა და მისი საქმიანობის დადებითი შეფასების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. ჩვენს საზოგადოებაში დიდად ფასობს სპეციალისტები, ვინც საკუთარ თავს სამსახურს უძღვნის. სამუშაოზე დამოკიდებულების გამოვლენა საკმაოდ რთულია. სამწუხაროდ, ამ ფენომენის გარეგნული რესპექტაბელურობის მიღმა დგას პიროვნების ღრმა ემოციური დარღვევები და პიროვნებათშორისი ურთიერთობის პრობლემები.

როგორც ნებისმიერი ადიქცია, სამუშაოზე დამოკიდებულებაც რეალობისაგან გაქცევის საშუალებაა, რომელიც სამუშაოზე ყურადღების ფიქსირების მეშვეობით მიიღწევა. მუშაობა ასრულებს ერთგვარი დამცავი ფარის როლს, რომელიც უარყოფით ემოციებს ირეკლავს. სამსახური ამ შემთხვევაში აღიქმება არა როგორც ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, არამედ იგი ანაცვლებს სიყვარულს, გართობას, ურთიერთობებს. ამ დამოკიდებულების ფორმირება პიროვნულ ცვლილებებს იწვევს: ემოციური გამოფიტვა, კონსერვატიზმი, დადებითი შეფასების ავადმყოფური მოთხოვნილება, პერფექციონიზმი, პედანტურობა, კრიტიკის მიუღებლობა.

კვებით ადიქციაზე საუბრობენ მაშინ, როცა საკვების მიღება წარმოადგენს არა შიმშილის დაკმაყოფილების, არამედ დისკომფორტისაგან ყურადღების გადატანის საშუალებას. ამგვარად, ერთის მხრივ, ხდება უსიამოვნებისაგან განსვლა, ხოლო, მეორეს მხრივ _ სასიამოვნო საგემოვნო შეგრძნებებზე ფიქსაცია. საკვები იქცევა ემოციური მდგომარეობის რეგულირების, შფოთვის მოხსნის საშუალებად. თანდათან ყალიბდება გაუმაძღრობა, რომელიც შეიძლება იყოს მუდმივი ან შეტევითი ხასიათის. სიტუაციებში, როცა ადამიანი მოწყენილი ან დაძაბულია, ვერ ახერხებს დისკომფორტისა და შინაგანი სიცარიელის გრძნობის ჩახშობას, სწრაფად ირთვება ქიმიური მექანიზმი _ მაშინაც კი, როდესაც ადამიანს არ შია, ორგანიზმში იწყება მადის მასტიმულირებელი ნივთიერებების გამომუშავება. შედეგად, იზრდება მიღებული საკვების რაოდენობა და მიღების სიხშირე.

კვებითი ადიქციის მეორე პოლუსზეა ანორექსია, ანუ ნებაყოფლობითი შიმშილი. ეს თვითრეალიზაციის თავისებური საშუალებაა, როცა ადამიანს უჩნდება გრძნობა, რომ “იმარჯვებს საკუთარ სისუსტეზე”. ამ გზით ადამიანი ცდილობს, დაუმტკიცოს საკუთარ თავს და სხვებს, რომ ბევრი რამ შეუძლია. კვებაში შეზღუდვა აბსურდამდე მიდის. ზოგჯერ, შიმშილის პერიოდები იცვლება გაუმაძღრობის პერიოდებით.

კომპიუტერული ადიქცია. იწყებს რა კომპიუტერთან ურთიერთობას, ადამიანს უხდება ახალი უნარ-ჩვევების ათვისება და მრავალი პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა. ეს პროცესი დაკავშირებულია წარმატებებისა და მარცხის განცდასთან, სტრესთან. კომპიუტერული თამაშები ადამიანს აძლევს მძაფრი შეგრძნებების განცდის საშუალებას სრული უსაფრთხოების პირობებში. მოგვიანებით, პიროვნებას კომპიუტერის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა უჩნდება _ ეს არის “არსება”, რომელთან ერთადაც მან რთული პერიოდი გადაიტანა და რომელიც საბოლოოდ მის მეგობრად გადაიქცა. ეს ფაქტი ხშირად ხდება კომპიუტერისადმი ლტოლვის აღმოცენების მიზეზი.

კომპიუტერზე დამოკიდებულება ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე დამოკიდებულების სხვა ფორმები და გამოიხატება კომპიუტერთან მუშაობის, თამაშის, პროგრამირების ან ინტერნეტის კვლევის მოთხოვნილებით. თანდათან ხდება რეალური ურთიერთობების ვირტუალურით ჩანაცვლება. ამ დაავადების განმსაზღვრელი კრიტერიუმები შემდეგია:

  1. კომპიუტერთან მუდმივად ყოფნის სურვილი;
  2. კომპიუტერთან მუშაობის პროცესში ემოციური აღმავლობის განცდა;
  3. გაღიზიანება კომპიუტერისაგან მოწყვეტის შემთხვევაში;
  4. პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისაკენ სწრაფვა;
  5. საკუთარი ჯანმრთელობის, ძილის უგულვებელყოფა;
  6. ყავისა და სხვა ფსიქოსტიმულანტების ჭარბად მოხმარება;
  7. ადამიანებთან ურთიერთობის დროს ინტერესის გამომჟღავნება მხოლოდ კომპიუტერული თემატიკის მიმართ.

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>