ქიმიური დამოკიდებულება (წამალდამოკიდებულება)

ქიმიური ტიპის დამოკიდებულებას უწოდებენ წამალდამოკიდებულებას (ალკოჰოლიზმი, ნარკომანია და ტოქსიკომანია), ანუ დამოკიდებულებას ფსიქოაქტიურ საშუალებებზე.

ფსიქოაქტიურია საშუალებები, რომლებიც ზემოქმედებენ ჩვენს ცნობიერებაზე, გრძნობებსა და აღქმაზე. ნივთიერების ფსიქოაქტივობა გამოიხატება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ამ ნივთიერების განსაკუთრებული ზემოქმედებით – მასტიმულირებელი, ამგზნები, დამამშვიდებელი, ძილის მომგვრელი, ჰალუცინაციების გამომწვევი და სხვა ეფექტებით.

ნარკოტიკის ქვეშ კი იგულისხმება ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც ფსიქიკაზე მისი განსაკუთრებული ეფექტების გამო, გამოიყენება არასამედიცინო მიზნით (ექიმის დანიშნულების გარეშე) და აქვს უნარი, გამოიწვიოს მიჩვევა.

მაგრამ ეს თვისებები არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ ფსიქოაქტიურ საშუალებას ოფიციალურად მიენიჭოს ნარკოტიკული საშუალების სტატუსი: ამ ნივთიერების მოხმარება მოსახლეობაში ფართოდ უნდა გავრცელდეს და შესაბამისი ინსტანციების მიერ ოფიციალურად იქნას ჩართული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხაში. ასე, რომ, სამართლებრივად ესა თუ ის ფსიქოაქტიური ნივთიერება ნარკოტიკულ საშუალებად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დააკმაყოფილებს ერთდროულად სამ კრიტერიუმს: სამედიცინოს – ცენტრალურ ნერვულ სისტამაზე ნივთიერების განსაკუთრებული ზემოქმედება განაპირობებს მის არასამედიცინო მიზნით გამოყენებას; სოციალურს – ასეთი გამოყენება მასშტაბურია და სოციალურ მნიშვნელობას იძენს; იურიდიულს – ამ ნივთიერებას ოფიციალურად მიაკუთვნებენ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ჯგუფს.

ნარკომანია – ეს არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია ნარკოტიკული ნივთიერებების სისტემატიური მოხმარებით და ვლინდება ამ ნივთიერებებზე დამოკიდებულებით.

ანალოგიური მოვლენაა ტოქსიკომანია, რომელსაც იწვევენ ისეთი ნივთიერებები, რომლებიც არ არიან შეტანილი ნარკოტიკული საშუალებების ოფიციალურ ნუსხაში (მაგ.: ზოგიერთი საძილე და დამამშვიდებელი საშუალება, ბენზინის, აცეტონის, წებოს ორთქლი). დაავადების მიმდინარეობის თვალსაზრისით ტოქსიკომანია ნარკომანიისაგან არაფრით  განსხვავდება.

ჩამოყალიბების პროცესში წამალთდამოკიდებულება თანამიმდევრულად გაივლის რამოდენიმე სტადიას – სოციალურს, ფსიქიკურს და ფიზიკურს. სოციალურ სტადიაზე ნარკოტიკის მოხმარებას ეპიზოდური ხასიათი აქვს. ჩინური ანდაზის მიხედვით, “ათი ათასი ლი სიგრძის გზა ყოველთვის პირველი ნაბიჯით იწყება”. ნარკომანიის შემთხვევაში ამ ნაბიჯს ნარკოტიკის პირველი მიღება წარმოადგენს. ნარკოტიკის მიღების შედეგად ვითარდება ნარკოტიკული თრობის მდგომარეობა, რომელშიც ყველაზე შთამბეჭდავი და სასიამოვნოა ეიფორია.

ეიფორია არის ზეაწეული გუნებ-განწყობა უდარდელი კმაყოფილებით, პასიური სიხარულით, უშფოთველი განცხრომით. ეს ისეთი ფსიქიკური მდგომარეობაა, რომელშიც ადამიანი მაქსიმალურად დადებითად აფასებს ყველაფერს, რასაც გრძნობს, აღიქვამს, იხსენებს, ფიქრობს და წარმოიდგენს. ყოველი ნარკოტიკისათვის დამახასიათებელია ეიფორიის განსხვავებული სურათი.

ერთხელ განცდილი ეიფორიის მდგომარეობა ადამიანზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს და მას ნარკოტიკული ნივთიერების განმეორებითი მიღების სურვილი უჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავს ცუდად გრძნობს ან უგუნებოდაა. რაც უფრო ძლიერია პირველი ეიფორიული ეფექტი, მით უფრო სწრაფად და ინტენსიურად აღმოცენდება ნარკოტიკის ხელმეორედ მიღების სურვილი.

განმეორებითი მოხმარების შემთხვევაში, ნარკოტიკისადმი (უფრო სწორად, ნარკოტიკული ეფექტისადმი) ლტოლვა თანდათან ძლიერდება და იპყრობს ფსიქიკური აქტივობის მთელ სფეროს: ნელ-ნელა ყალიბდება ნარკოტიკების ხმარებისადმი დადებითი განწყობა, ნარკოტიკი მნიშვნელოვან ღირებულებას იძენს; აღმოცენდება ნარკოტიკული თრობის მდგომარეობის განცდის ჯერ ეპიზოდური და შემდეგ მუდმივი მოთხოვნილება, რომელიც თანდათან ავიწროვებს ყველა სხვა მოთხოვნილებას და ცენტრალურ ადგილს იჭერს ადამიანის ცნობიერებაში. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება გრძელდება, დაბოლოს, ადამიანი გრძნობს, რომ აღარ ძალუძს მათ გარეშე არსებობა – უვითარდება ფსიქოაქტიური ნივთიერების სისტემატიური მიღების ძლიერი სურვილი – აკვიატებული სწრაფვა ნარკოტიკისაკენ (ფსიქიკური დამოკიდებულება). ადამიანი შეპყრობილია ამ ნივთიერებაზე ფიქრით, განიცდის ძლიერ შინაგან დაძაბულობას, რომლისგანაც მხოლოდ ერთი საშუალებით თავისუფლდება – მორიგი დოზის მიღებით.

ნარკოტიკის რეგულარული მოხმარების დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ადამიანს უჩნდება ჩვეული ნივთიერების დოზის გაზრდის მოთხოვნილება, ვინაიდან უწინდელი დოზა სასურველ ეფექტს აღარ იძლევა. საქმე იმაშია, რომ რაც არ უნდა აუცილებელი და მიმზიდველი იყოს ადამიანის ფსიქიკისათვის ნარკოტიკი, ორგანიზმი მასზე, როგორც შხამზე, ისე რეაგირებს და ახდენს დამცველობითი სისტემების მობილიზებას. შედეგად, ამ შხამის დაშლა ორგანიზმში თანდათან უფრო სწრაფად ხდება, ამიტომ, სასურველი ფსიქოლოგიური ეფექტის მისაღებად, ნარკოტიკების მზარდი დოზებია საჭირო. ეს, თავისი ბუნებით დამცველობითი, მაგრამ ნარკომანისათვის დამატებითი პრობლემების მომტანი, ბიოლოგიური მექანიზმი ტოლერანტობის (ანუ ამტანობის) მატების სახელითაა ცნობილი.

ნარკოტიკების სისტემატიური მოხმარების დაწყებიდან მეტ-ნაკლები დროის გასვლის შემდეგ, ადამიანი შემთხვევით აღმოაჩენს, რომ ჩვეული ნარკოტიკის ხმარების უეცარი შეწყვეტა იწვევს ძლიერ ფიზიკურ აშლილობას, რომელიც მორიგი დოზის მიღებისთანავე ქრება. ეს აშლილობა _ აღკვეთის მდგომარეობა, ანუ აბსტინენტური სინდრომი, ფიზიკური და ფსიქიკური სიმპტომების კომპლექსს წარმოადგენს და იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანს ჩამოუყალიბდა ნარკოტიკზე ფიზიკური დამოკიდებულება.

რომ არსებოდეს ამქვეყნიური სამოთხე და ჯოჯოხეთი, ნარკომანს ისინი ეიფორიისა და აღკვეთის სინდრომის სახით მოევლინებოდა. მისი მდგომარეობა მუდმივად მერყეობს “ენით აუწერელ განცხრომას”, რომელიც დროთა განმავლობაში აუცილებლად ქრება და აუტანელ ტანჯვას შორის, რომლის ინტენსივობაც თანდათანობით მატულობს.

ფიზიკური დამოკიდებულების სტადიაზე ნარკოტიკის სპეციფიკური ეფექტი ფერმკრთალდება და მისი მოხმარება გრძელდება არა იმდენად ეიფორიის განცდის, რამდენადაც აბსტინენტური მოვლენების თავიდან აცილების მიზნით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>