როგორ ყალიბდება დამოკიდებულება

რეალობისაგან გაქცევის სურვილი ყველა ჩვენთაგანისათვის ნაცნობია, მაგრამ ხშირად არ ვფიქრობთ იმაზე, რომ, შესაძლოა, ეს სურვილი პრობლემად იქცეს. ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ გარემოსთან ან სირთულეებთან შეგუება, შიში ეუფლებათ არსებული სინამდვილის წინაშე. სწორედ ეს შიში ბადებს სხვა რეალობაში გაქცევის სურვილს.

ერთი დაუღალავად შრომობს მთელი კვირის განმავლობაში; თითქოსდა, უნდა უხაროდეს შაბათ-კვირის დადგომა, მაგრამ, რატომღაც, ამ დღეებში ვერ ისვენებს, მოწყენილია და ისევ სამსახურისაკენ მიუწევს გული.. მეორეს სტუმრად წასვლა არ სურს, იმის გამო, რომ კომპიუტერს უნდა მოსწყდეს.. მესამე სულმოუთქმელად ელოდება მოსაღამოვებას, რათა კაზინოში წავიდეს და მთელი ფული იქ დატოვოს.. მეოთხე ალიონზე ალკოჰოლური სასმელის საყიდლად გარბის და ა.შ. ყველა ამ შემთხვევას ერთი რამ აერთიანებს – რეალობისაგან გაქცევის მცდელობა. დაძაბულობის, დისკომფორტისა და სტრესისაგან თავდასაცავი საშუალებების ძიებისას ეს ადამიანები, ხშირად, ადიქტიური ქცევის სტრატეგიებს მიმართავენ.

ადიქტიური ქცევა (Addictive behavior) მავნე ჩვევის ნაირსახეობაა. ჩვევა ფსიქოლოგიურ ცნებას წარმოადგენს, ეს არის, ერთგვარი, ჩამოყალიბებული სტერეოტიპი, რომელიც განმტკიცებულია მრავალჯერადი განმეორებით. ჩვევა შეიძლება იყოს სასარგებლო, უსარგებლო და მავნე. თუ მავნე ჩვევა სტაბილურია, მყარია, ძნელად კორექტირდება, ზიანს აყენებს თავად პიროვნებას და ირგვლივმყოფებს, საქმე გვაქვს პათოლოგიასთან.

ადიქტიური ქცევის არსი მდგომარეობს იმაში, რომ რეალობისაგან განსვლის მიზნით, ადამიანები ცდილობენ, ხელოვნური გზით შეცვალონ თავიანთი ფსიქიკური მდგომარეობა, რაც მათ უსაფრთხოების, შინაგანი წონასწორობის აღდგენის ილუზიას უქმნის.

ეს გახლავთ დესტრუქციული ქცევა – ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლა ხდება ქიმიური ნივთიერების მიღებით ან გარკვეულ საქმიანობაზე ყურადღების მუდმივი გადატანით, რასაც თან ახლავს ინტენსიური ემოციური რეაქცია.

რეალობა ყოველთვის არ გვთავაზობს ისეთ სიტუაციებს, რომ მუდმივად კომფორტულ მდგომარეობაში ვიყოთ. გუნებ-განწყობის ცვლილება ჩვენი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრია, მაგრამ ადამიანები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ მასზე. ადიქტიური პიროვნება ხსნის საკუთარ უნიკალურ და ერთადერთ საშუალებას – პრობლემებისაგან გაქცევის გზას მიმართავს. ფსიქოლოგიური კომფორტის აღდგენის ეს საშუალება პრობლემის გადაჭრის ილუზიას ქმნის და სასიამოვნო ემოციებს ბადებს. რეალობასთან “ბრძოლის” ასეთი მეთოდი თანდათან ფიქსირდება ადამიანის ქცევაში და არსებულ სინამდვილესთან ურთიერთქმედების მყარ სტრატეგიად ყალიბდება.

ადიქციის დესტრუქციული ბუნება გამოვლინდება იმით, რომ ამ პროცესში ემოციური ურთიერთობები მყარდება არა ადამიანებთან, არამედ უსულო საგნებთან და მოვლენებთან. რთულ სიტუაციებში ეჭვებისა და განცდებისაგან ყურადღების პერიოდულად გადატანა ყველასათვის აუცილებელია, მაგრამ ადიქტიური ქცევის შემთხვევაში ეს პროცესი ცხოვრების სტილად იქცევა, რომლის დროსაც ადამიანი რეალობისაგან მუდმივი განსვლის ხაფანგში აღმოჩნდება. ადიქციის ერთი ფორმა შეიძლება მეორეთი შეიცვალოს, რაც პრობლემების გადაჭრის ილუზიას უფრო აძლიერებს და ამყარებს. ამ პროცესში იზღუდება პიროვნების კომუნიკაციური, შემეცნებითი, მორალური, შემოქმედებითი და ესთეტიური შესაძლებლობები. ამგვარად, პრობლემებისაგან გაქცევა და კომფორტის ილუზია პიროვნული ზრდის შეფერხებას განაპირობებს.

ადიქტიური მექანიზმით გუნებ-განწყობის შეცვლის სურვილი რეალიზდება სხვადასხვა ადიქტიური აგენტების საშუალებით. ასეთ აგენტებს მიეკუთვნება:

  1. ნივთიერებები, რომლებიც ცვლიან ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას – ფსიქოაქტიური ნივთიერებები (ალკოჰოლი, ნარკოტიკები, მედიკამენტები, ტოქსიკური ნივთიერებები).
  2. აქტივობის (საქმიანობის) სხვადასხვა ფორმები – აზარტული თამაშები, კომპიუტერი, სექსი, სამსახური, რიტმული მუსიკის მოსმენა, ტელევიზორი, ბევრი ჭამა ან შიმშილი და ა.შ.

 

ადიქცია ფსიქოლოგიური დამონების პროცესია, ადიქტიური ქცევა მოიცავს განსხვავებული სიმძიმის მქონე ქცევითი გადახრების ფართო სპექტრს – დაწყებული ნორმასთან მიახლოვებული ქცევით და მძიმე ფსიქოლოგიური და/ან ბიოლოგიური დამოკიდებულებით დამთავრებული.

განასხვავებენ დამოკიდებულების ქიმიურ და არაქიმიურ ფორმებს. ქიმიურ ფორმებს მიეკუთვნება წამალთდამოკიდებულება (ალკოჰოლიზმი და ნარკომანია), ხოლო არაქიმიურ ფორმებს – ქცევითი დამოკიდებულების სხვადასხვა გამოვლინებანი.

ნებისმიერი ტიპის დამოკიდებულებას, იქნება ეს წამალთდამოკიდებულება თუ ქცევითი დამოკიდებულება, არსი ერთი აქვს:

  1. ადამიანს არ შეუძლია, უარი თქვას დამოკიდებულების ობიექტზე (კონტროლის დაკარგვა, თავის შეკავების შეუძლებლობა);
  2. ადამიანი ცდილობს, დამალოს ან შეარბილოს თავისი მდგომარეობის სერიოზულობა;
  3. უფასურდება სხვა ინტერესები – ადამიანის ინტერესების სფერო თანდათან ვიწროვდება და ბოლოს, მხოლოდ დამოკიდებულების ობიექტით შემოიფარგლება.

 

დამოკიდებულება არის რეალობისაგან გაქცევასა და მისი მიღწევის საშუალებებზე მუდმივი ფიქრის მდგომარეობა, რასაც ადამიანის დროისა და ენერგიის უდიდესი ნაწილი მიაქვს. ასეთი ინდივიდების შიგნით მეორე, “ადიქტიური პიროვნება” ცხოვრობს, რომელსაც თავისი საკუთარი ლოგიკა, ემოციები, ღირებულებები და ფსიქოლოგიური დაცვის სისტემა გააჩნია. რეალობიდან განსვლა ძლიერ ემოციურ განცდებთან არის დაკავშირებული. თუკი ადამიანი ერთხელ წამოეგო “ემოციურ სატყუარას”, მერე მისი მართვა ძალიან ადვილი ხდება. ნარკომანი, ფაქტიურად, დამოკიდებულია არა პრეპარატზე, არამედ ემოციაზე. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, პირველ რიგში, მნიშვნელობა აქვს არა ემოციის მოდალობას (დადებითია თუ უარყოფითი), არამედ ინტენსივობას. რაც უფრო ძლიერია ინტენსივობა, მით უფრო ძლიერი დამოკიდებულება ყალიბდება.

როგორ განვასხვავოთ დამოკიდებული პიროვნება რაიმეთი უბრალოდ გატაცებული ადამიანისაგან? ასეთ ადამიანს შენარჩუნებული აქვს გარესამყაროსთან სრულყოფილი კონტაქტი, მას სჭირდება თავისი საყვარელი საქმიანობისაგან გადართვა და მისგან დასვენება, იგი არ უგულვებელყოფს ახლობლების ინტერესებს, მას შეუძლია, სიამოვნება სხვა რამეშიც ჰპოვოს.

ადიქტიური ქცევისაგან განთავისუფლება ძალიან ძნელია. სამწუხაროდ, სათანადოდ არ ფასდება ყველა სახის ადიქტიური ქცევისათვის საერთო მექანიზმების დამანგრეველი ხასიათი, მექანიზმებისა, რომელთაც საფუძვლად რეალობისაგან გაქცევის სწრაფვა უდევს. ერთი სახის დამოკიდებულებისაგან განთავისუფლების შემდეგ ადამიანი შეიძლება სხვა სახის დამოკიდებულების ტყვეობაში აღმოჩნდეს, რადგან გარემოსთან მისი ურთიერთქმედების საშუალებები უცვლელი რჩება. ამიტომ, ხშირად ხდება, რომ პიროვნება, რომელიც წყვეტს არალეგალური ნარკოტიკების მოხმარებას, იწყებს ლოთობას ან თავდავიწყებით ეშვება აზარტული თამაშების მორევში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>