Category Archives: ახალგაზრდებისთვის

უბრალოდ, თქვი: „არა!“

შესაძლოა, თქვენ შემოგთავაზონ ნარკოტიკი. შესაძლოა, გითხრან, რომ ნარკოტიკის ზემოქმედებით თავს კარგად იგრძნობთ, გაგიადვილდებათ ურთიერთობა, და რომ “მხოლოდ ერთხელ” არავითარ ზიანს არ მოიტანს. როგორ მოიქცევით? არჩევანი თქვენზეა! თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი ცხოვრება.

თუ არჩევანს ნარკოტიკის სასარგებლოდ გააკეთებთ, ის, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაანგრევს თქვენს ჯანმრთელობას, დაგაკარგვინებთ ახლობელ ადამიანებს, მოგისპობთ მომავლის პერსპექტივას.

შესაძლოა, თქვენ შემოგთავაზონ ნარკოტიკი. უბრალოდ, თქვით: “არა”!

უარის თქმა სხვადასხვა ფორმით შეიძლება:

1. თქვით: “არა!” და დაასახელეთ მიზეზი: “დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ ამის გაკეთება არ შემიძლია/არ მინდა”.

2. მიეცით საკუთარ თავს დრო: “მოვიფიქრებ და ხვალ გეტყვი ჩემს გადაწყვეტილებას”

3. შეინარჩუნეთ სიმტკიცე. თქვით პირდაპირ: “გმადლობთ, არ მინდა სიგარეტი (ნარკოტიკი, სასმელი). მე მინდა…”

4. თქვენ სრულიად არა ხართ ვალდებული, აუხსნათ სხვებს უარის თქმის მიზეზი. უბრალოდ, თქვით: “არა!” და მორჩა!

5. უარი თქვით ისე, რომ ირგვლივმყოფებისათვის ნათელი იყოს თქვენი გადაწყვეტილების სიმტკიცე.

 

ნარკოტიკების მოხმარების გართულებები

  1. ყველა ნარკოტიკი, მიუხედავად იმისა, რა გზით ხვდება ორგანიზმში, სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, აზიანებს თავის ტვინს და მთელ ნერვულ სისტემას, იმუნურ სისტემას, გულს, ღვიძლს, ფილტვებს.
  2. ნარკოტიკების ინექციური (ნემსით) მოხმარება კატასტროფულად ზრდის ვირუსული ჰეპატიტით (B, C)და აივ-ით დაინფიცირების ალბათობას.
  3. ნარკოტიკების მომხმარებლები, დაქვეითებული იმუნიტეტის გამო, ხშირად ავადდებიან ტუბერკულოზით.
  4. ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარების შედეგად იზრდება უბედური შემთხვევების ალბათობა, იმატებს აგრესიულობა და თავშეუკავებლობა;
  5. ყველაზე ხშირად ნარკოტიკების მომხმარებლის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის ზედოზირება, ანუ ნარკოტიკის დიდი დოზით გამოწვეული მწვავე მოწამვლა.
  6. ნარკოტიკის მოხმარების შედეგად ადამიანი კარგავს ჯერ თავისუფლებას, შემდეგ ჯანმრთელობას, დაბოლოს – სიცოცხლეს.

 

რეალობისაგან გაქცევა, ანუ რა არის დამოკიდებულება

 “ნარკოტიკებს მოიხმარენ იმისათვის, რომ გაექცნენ რეალობას; მაგრამ გაუგებარია, რატომ გავურბივართ რეალობას, როცა ის ასეთი მდიდარი და მრავალფეროვანია?”

ჯერალდინა ჩაპლინი

რეალობისაგან  გაქცევის  სურვილი  ყველა  ჩვენთაგანისათვის ნაცნობია,  მაგრამ  ხშირად  არ ვფიქრობთ  იმაზე,  რომ,  შესაძლოა, ეს  სურვილი  პრობლემად  იქცეს. ადამიანებს,  რომლებსაც  უჭირთ გარემოსთან  ან  სირთულეებთან შეგუება, შიში ეუფლებათ არსებული სინამდვილის წინაშე. სწორედ ეს შიში ბადებს სხვა რეალობაში გაქცევის სურვილს. რეალობისაგან გაქცევის ყველაზე გავრცელებულ საშუალებებს ფსიქოაქტიური ნივთიერებები წარმოადგენს.

ვისაც  შეუმჩნევია,  რომ  ნარკოტიკების საშუალებით, ანუ “ღილაკზე თითის დაჭერით” ცუდი ემოციები  ქრება,  იგი  ამ  საშუალებით  თანდათან  თრგუნავს  საკუთარი  ფიზიკური და  სულიერი  რეგულაციის ბუნებრივ პროცესს. ფსიქოაქტიური ნივთიერებების საშუალებით  პრობლემის  “ქიმიური  განდევნა”  ბევრად უფრო  სწრაფი  და  იოლი  გზა  გახლავთ,  ვიდრე  საკუთარ  თავზე  მუშაობა.  რაც  უფრო  ხშირად  განიცდის ადამიანი “ღილაკზე თითის დაჭერით” ხანმოკლე შვებას, მით უფრო იზრდება ასეთი საშუალებების მიმართ ლტოლვა.  იქმნება  ავტომატიზმი,  რომელიც  ყოველი უგუნებობის  მომენტში  იწყებს  ფუნქციონირებას. დროთა  განმავლობაში  წარმოუდგენელი  ხდება  ამ დახმარების გარეშე სულიერი სიმშვიდის მოპოვება, თანდათან ინგრევა უკან დასახევი გზა და იკვრება მანკიერი წრე…

როდესაც  რაიმე  ნივთიერება  ან  ქცევა  ადამიანის ცხოვრებაში  განსაკუთრებულ  მნიშვნელობას  იძენს, ადამიანი კარგავს თავისუფლებას და დამოკიდებული ხდება სიამოვნების მომტან საშუალებაზე.

პათოლოგიური  დამოკიდებულება  არის  რეალობისაგან  გაქცევის  საშუალებებზე  მუდმივი ფიქრის  მდგომარეობა,  რასაც ადამიანის  დროისა  და  ენერგიის  უდიდესი  ნაწილი  მიაქვს. პათოლოგიური დამოკიდებულების ერთ-ერთ გამოხატულებას წამალდამოკიდებულება (ქიმიური დამოკიდებულება, ნარკომანია) წარმოადგენს.

სიამოვნების მიღება, პრობლემებისაგან გაქცევა და საკუთარი ემოციების მართვა შეიძლება არა მხოლოდ “ქიმიური გზით”, არამედ ბევრი სხვა საშუალებით – კომპიუტერით, ტელევიზორით, ყოველდღიური სენსაციური პრესით, ტკბილეულითა და საკვებით, აზარტული თამაშებით და ა.შ. ნებისმიერმა ამ საშუალებათაგან შეიძლება ნარკოტიკის ფუნქცია შეასრულოს, თუკი მათზე დამოკიდებულნი გავხდებით. ეს არის ქცევითი დამოკიდებულება, ანუ „ნარკომანია ნარკოტიკების გარეშე“.

რა თქმა უნდა, არც ერთი ჩვენთაგანი არ არის ბოლომდე თავისუფალი – სიყვარული, მეგობრული მოვალეობები, პასუხისმგებლობა ახლობელი ადამიანების წინაშე – ყველაფერი ეს დამოკიდებულს გვხდის გარემოზე, მაგრამ საკუთარი  მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე დამოკიდებულება, იქნება ეს კვებითი, კომპიუტერული თუ ნარკოტიკული, განაპირობებს ადამიანის პიროვნულ და ფიზიკურ დაქვეითებას და გაღარიბებას.

 

ნარკოტიკები

 

რა არის ნარკოტიკი?

ნარკოტიკი არის ნივთიერება, რომელსაც იყენებენ ფსიქიკური მდგომარეობის შესაცვლელად – თრობის, “კაიფის” მისაღებად.

ყველა ნარკოტიკის თვისებაა, გამოიწვიოს დამოკიდებულება. ადრე თუ გვიან, ადამიანს უჩნდება დაუძლეველი ლტოლვა, მიიღოს ნარკოტიკი. ამ დროს ამბობენ, რომ მას განუვითარდა დაავადება ნარკომანია.

 

რატომ იყიდება ნარკოტიკები?

ზოგიერთი ნარკოტიკი წამლად გამოიყენება ოპერაციების დროს ან ძლიერი ტკივილების გასაყუჩებლად. ამიტომ მათი ყიდვა აფთიაქშიც შეიძლება ექიმის დანიშნულებით.

ნარკოტიკები უკანონოდაც იყიდება, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც სხვისთვის ზიანის მიყენებით ფულს შოულობენ. ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია და ამაში მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს.

 

ყველა ნარკოტიკი სახიფათოა?

გავრცელებულია მცდარი აზრი, რომ არსებობს “მსუბუქი” და “მძიმე”, “სახიფათო” და “ნაკლებად სახიფათო” ნარკოტიკები.

სიმართლე ის არის, რომ ყველა ნარკოტიკი ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისათვის. არავინ იცის, ვისთან როდის იჩენს თავს ხიფათი.

ნარკოტიკს ბევრი სინჯავს, მაგრამ ყველა ხომ არ ხდება ნარკომანი?

მართალია, ნარკოტიკის გასინჯვა ყოველთვის არ იწვევს დაავადებას, მაგრამ ისიც მართალია, რომ რომ ყველა ნარკომანმა, ოდესღაც, გასინჯვით დაიწყო და არ აპირებდა, ნარკომანი გამხდარიყო.

წინასწარ არავინ იცის, როგორ იმოქმედებს მასზე ნარკოტიკი და როდის იგრძნობს, რომ უკვე დამოკიდებულია.

ამიტომ, დაფიქრდით, სანამ პირველ ნაბიჯს გადადგამთ!

 

რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკებს?

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ნარკოტიკის ერთხელ მიღებაც ზიანს აყენებს ორგანიზმს.

ყოველთვის, როცა ნარკოტიკი ხვდება ორგანიზმში, ყველა ორგანოს მუშაობა იცვლება. განსაკუთრებული ჯაფა ადგება ღვიძლს და თირკმლებს _ ისინი მთელი დატვირთვით მუშაობენ, რომ ორგანიზმი ამ შხამისგან გაწმინდონ. ნარკოტიკები აზიანებენ თავის ტვინს.

მოზარდებისთვის ნარკოტიკის მიღება განსაკუთრებით საზიანოა, რადგან ფერხდება ფიზიკური და ფსიქიკური განვითარება.

 

რას ნიშნავს ნარკოტიკზე დამოკიდებულება?

დამოკიდებულება არის ნარკოტიკის მიღების დაუძლეველი მოთხოვნილება.

ამბობენ, რომ ყველა ნარკოტიკი არ იწვევს დამოკიდებულებას. ეს სიცრუეა.

სიმართლე ის არის, რომ სხვადასხვა ნარკოტიკი სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას იწვევს. ზოგიერთი ნარკოტიკი ძალიან მალე იწვევს “ლომკას” _ ფიზიკურ დამოკიდებულებას. ზოგი კი ფიზიკურ ტკივილს არ იწვევს, მაგრამ ძალიან ძლიერ ფსიქიკურ დამოკიდებულებას აყალიბებს.

ნებისმიერი ნარკომანი დაგიდასტურებთ, რომ ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, ნარკოტიკს “კაიფისთვის” კი აღარ იღებს, არამედ უნარკოტიკობით გამოწვეული ტკივილებისგან თავის დასაღწევად.

 

შეუძლია ნარკომანს აკონტროლოს სიტუაცია?

ნარკომანებს შორის გავრცელებული აზრი – როცა მომინდება, მაშინ დავანებებ თავს – მხოლოდ თავის მოტყუებაა.

სიმართლე კი ის არის, რომ ყველა ნარკომანს ბევრჯერ უცდია თავის დანებება, მაგრამ დაუხმარებლად ამას ერთეულები ახერხებენ.

ნარკოტიკი ტვინს აზიანებს, ამიტომ ქვეითდება საკუთარი მდგომარეობის და შესაძლებლობების სწორად შეფასების უნარი. მთავარი, რასაც ნარკოტიკი ართმევს ადამიანს, არის თავისუფლება და ძალა – ნარკოტიკი მართავს ადამიანს და არა ადამიანი ნარკოტიკს.

 

ფსიქოაქტიური ნივთიერებები

რას ნიშნავს ფსიქოაქტიური ნივთიერება?

ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ცვლის ფსიქიკურ მდგომარეობას, წარმოადგენს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას. ფსიქოაქტიური ნივთიერებებს მიეკუთვნება ალკოჰოლი, თამბაქო, კოფეინი, ნარკოტიკები და ის მედიკამენტები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

 

რა არის ნარკოტიკი?

ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც იწვევს დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და/ან აკრძალულია კანონმდებლობით, ნარკოტიკებს მიეკუთვნება. ვერ ვიტყვით, რომ ყველა ფსიქოაქტიური ნივთიერება ნარკოტიკია, მაგრამ ყველა ნარკოტიკი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა.

 

რას ნიშნავს ფსიქოტროპული მედიკამენტები?

ფსიქოაქტიურმა ნივთიერებამ შეიძლება სამკურნალო ზეგავლენა მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც სამკურნალოდ გამოიყენება, ცნობილია ფსიქოტროპული მედიკამენტების სახელწოდებით. მათი გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე ისევე იწვევს მიჩვევას და დამოკიდებულებას, როგორც ნარკოტიკები.

 

როგორ ხდება მიჩვევა?

ფსიქოაქტიური ნივთიერების სისტემატური მოხმარების შედეგად სუსტდება ორგანიზმის მგრძნობელობა ამ ნივთიერების მიმართ და  უწინდელი ეფექტის მისაღებად აუცილებელი ხდება დოზის მომატება. მედიცინაში ამ მოვლენას ტოლერანტობა ეწოდება. ტოლერანტობა არის ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე დამოკიდებულების ერთ-ერთი მაჩვენებელი.

 

რას ნიშნავს ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე დამოკიდებულება?

დამოკიდებულება არის ქრონიკული, ხშირად განმეორებადი დაავადება, რომელიც ვლინდება ფსიქოაქტიური ნივთიერების დაუძლეველი მოთხოვნილებით და  ხშირი მიღებით. დამოკიდებული ადამიანი იძულებულია მუდმივად მიიღოს ფსიქოაქტიური ნივთიერება.

 

 

რა მოხდება, თუ დამოკიდებული ადამიანი შეწყვეტს ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღებას?

ვითარდება აღკვეთის მდგომარეობა, ნარკოტიკზე დამოკიდებულთა ჟარგონით – „ლომკა“, რომელიც თავს იჩენს ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების შეწყვეტისას. ეს არის ორგანიზმის რეაქცია – ჩვეული ნივთიერების ნაკლებობით გამოწვეული „შიმშილი“. ეს საკმაოდ ძნელად ასატანი მდგომარეობა სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებისათვის სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობისაა. ეს ნიშნავს, რომ ჩამოყალიბდა ფიზიკური დამოკიდებულება ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე.

ზოგი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეწყვეტისას ორგანიზმის რეაქცია ნაკლებად არის გამოხატული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დამოკიდებულება არ ჩამოყალიბებულა.

ფიზიკურ დამოკიდებულებაზე ძნელად გადასატანი და ბევრად ხანგრძლივია ფსიქიკური დამოკიდებულება: მაშინაც, როცა ორგანიზმი არ ითხოვს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, ადამიანი თავს მშვიდად ვერ გრძნობს – არ ასვენებს ამ ნივთიერების მიღების სურვილი. თავს იჩენს მოუსვენრობა, შფოთვა, გაღიზიანებადობა, უგუნებობა.

ჯანსაღი ცხოვრების წესის 10 მცნება

“ჩვენი ბედნიერების ცხრა მეათედი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ჯანსაღია ჩვენი ცხოვრების წესი”.

არტურ შოპენჰაუერი

ყოველ ჩვენთაგანს სურს, რომ ბედნიერი იყოს და დიდხანს იცოცხლოს. მეცნიერთა აზრით, ადამიანს ღრმა სიბერემდე გაყვება ზნეობრივი, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა, თუკი ის  ჯანსაღი ცხოვრების წესის 10 ძირითად მცნებას შეასრულებს:

1. ეცადე, სიამოვნებით აკეთო შენი საქმე;

2. არ მოგერიდოს საკუთარი აზრის გამოთქმა;

3. დაიცავი კვების სწორი რეჟიმი;

4. უარი თქვი თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებაზე;

5. ნუ დაიკლებ ძილს;

6. ყველას და ყველაფერს სიყვარულით მოეპყარი;

7. ავარჯიშე გონება;

8. ნუ იტყვი უარს ფიზიკურ შრომაზე;

9. ხშირად მიეცი საკუთარ თავს ემოციური განმუხტვის საშუალება;

10. უარი თქვი ისეთ ქცევაზე, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას შენს ჯანმრთელობას.