Category Archives: Uncategorized

გარდამავალი ასაკის თავისებურებები

სქესობრივი მომწიფებით მთავრდება ბავშვობა და იწყება მოზრდილობაში გარდამავალი ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც მოზარდობისა და სიჭაბუკის ხანას მოიცავს. თანამედროვე ცივილიზებულ საზოგადოებაში ეს ეტაპი თითქმის მთელი ათწლეული გრძელდება – 10-12 წლიდან 21-22 წლამდე. პრიმიტიულ საზოგადოებებში კი ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლის პერიოდი უფრო ხანმოკლეა – გარკვეულ ასაკში სიმბოლური რიტუალით ხდება მოზრდილად “კურთხევა” და იწყება ცხოვრების ახალი ეტაპი. ასეთი სწრაფი ტრანსფორმაცია შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ განვითარების შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომ საზოგადოებაში მოზრდილს ნაკლები ცოდნა და უნარები მოეთხოვება და მათი ათვისება უფრო მალეა შესაძლებელი.

ფიზიკური განვითარება გარდამავალი ასაკის დადგომის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა. მოზარდებში ზრდა და ბიოლოგიური ცვლილებები ისეთივე სისწრაფით მიმდინარეობს, როგორც მუცლადყოფნისა და ჩვილობის პერიოდში. მაგრამ, პატარებისაგან განსხვავებით, მოზარდები ამ ცვლილებებს ინტერესის, შიშისა და სიხარულის შერეული გრძნობით აკვირდებიან და მტკივნეულად განიცდიან ნებისმიერ სხვაობას რეალურად არსებულსა და იდეალურს შორის. სხვაობა მართლაც არის – ამ პერიოდში სხეულის ნაწილები სხვადასხვა ტემპით იზრდება: ჯერ ხელის მტევნები და ტერფები იზრდება, შემდეგ –  კიდურები; სიმაღლეში ზრდის კვალდაკვალ მატულობს კუნთების მოცულობა და ყველაზე ბოლოს ვითარდება მხრები. სხეულის დისპროპორციის გამო ირღვევა მოძრაობათა კოორდინაცია და მოქნილობა, რაც მოზარდებს ბევრ უხერხულობას უქმნის. ამას გარდა, აქტიურდება კანის ცხიმოვანი უჯრედები, შედეგად მოზარდებს კანზე გამონაყარი უჩნდებათ.

ყველა ამ ცვლილებას მართავს ჰორმონები – შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებში გამომუშავებული ბიოქიმიური ნივთიერებები. ამ პერიოდში მკვეთრად მატულობს როგორც ზრდის, ისე სასქესო ჰორმონების გამომუშავება და იწყება სქესობრივი მომწიფება, რომელიც პირველადი და მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებით გამოიხატება. სქესობრივი მომწიფების დაწყების საშუალო ასაკი გოგონებისათვის 10 წელია, ხოლო ბიჭებისათვის – 12, მაგრამ, ხშირად, ეს პროცესი უფრო ადრე ან მოგვიანებით იწყება.

ბიჭების ნაადრევი სქესობრივი მომწიფება მათ თავდაჯერებულობას უწყობს ხელს, ისინი პოპულარობით სარგებლობენ თანატოლებს შორის. ნაადრევად მომწიფებული გოგონები კი, პირიქით – თავს უხერხულად გრძნობენ, ნაკლებად თავდაჯერებულები არიან, თანატოლებისათვის უცხოა მათი პრობლემები და ამიტომ  შეიძლება უფროსი მეგობრები გაიჩინონ.

 

დაგვიანებულ მომწიფებას ბიჭები ძალიან მტკივნეულად განიცდიან, რადგან ყველა ისე ექცევა, როგორც პატარა ბიჭს, თანატოლი გოგონები კი იგნორირებას უკეთებენ. გოგონებიც განიცდიან სქესობრივი მომწიფების დაგვიანებას, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ამ შემთხვევაში მათი მომწიფების პერიოდი თანატოლი ბიჭების მომწიფებას ემთხვევა, ისინი ნაკლებად გრძნობენ განსხვავებულობას და გაუცხოვებას.

ფიზიკურად გაზრდილი და სქესობრივად მომწიფებული მოზარდები თავს უკვე დიდებად თვლიან და ცდილობენ, გახდნენ დამოუკიდებლები, რასაც, ბუნებრივია, მშობლების მხრიდან წინააღმდეგობა ხვდება და იწყება კონფლიქტი, ოჯახში იცვლება ურთიერთობები, მაგრამ ამის მიზეზი არ არის მხოლოდ შვილების პრობლემები.

ხშირად, მოზარდობისა და სიჭაბუკის პერიოდს ემთხვევა მშობლების ე.წ. საშუალო ასაკის კრიზისი, როცა ადამიანი იწყებს განვლილი ცხოვრების შეფასებას და აცნობიერებს, რომ აწმყოდ იქცა დრო, რომელშიც უმთავრესი მიზნებისა და გეგმების განხორციელება ჰქონდა განზრახული.

კოგნიტური სფეროს განვითარების ძირითადი Nნიშანია აბსტრაქტული აზროვნების უნარის ჩამოყალიბება _ მოზარდებს უკვე შეუძლიათ ჰიპოთეზების ფორმულირება, გადამოწმება და შეფასება. აზროვნების პროცესში ისინი მანიპულირებენ არა მხოლოდ თვალსაჩინო ნიშნებით ან ნაცნობი ფაქტებით, არამედ შეუძლიათ განყენებული იდეებით მანიპულირებაც.  მოზარდები ადვილად წყვეტენ უბრალო ლოგიკურ ამოცანას: ‘”ყველა ძროხა ლურჯია. რა ფერის ხბო ეყოლება ლურჯ ძროხას?” უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვი, შეიძლება, არც დაფიქრდეს, ისე გიპასუხოთ, რომ ლურჯი ძროხები არ არსებობს: ამოცანის პირობა შეუთავსებელია მის ცოდნასთან ძროხების შესახებ და ეს ხელს უშლის, დაინახოს უბრალო ლოგიკა _ თუ ყველა ძროხა ლურჯია, ხბოც ლურჯი უნდა იყოს.

ლოგიკაზე დამყარებული აბსტრაქტული აზროვნება ხელს უწყობს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას, დაინტერესებას ფანტასტიკით, ფილოსოფიური საკითხებით. აზროვნების ახალ საფეხურზე ასვლა მოზარდებს უბიძგებს, დაფიქრდნენ ისეთ აბსტრაქტულ ცნებებზე, როგორიცაა სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება, პატიოსნება; კრიტიკული თვალით უყურებენ ნებისმიერ ავტორიტეტს, მათ შორის, მშობლებსაც, რომლებსაც აქამდე უპირობოდ დადებითად აფასებდნენ, ადარებენ იდეალური ადამიანის, იდეალური მშობლის შესახებ საკუთარ წარმოდგენას. ამიტომ, სიჭაბუკის პერიოდში ხშირია ოჯახური უთანხმოებები. ამ კონფლიქტებს დადებითი მხარეც აქვს: მოზარდი უსაფრთხო, ოჯახურ გარემოში ცდის – რა ხარისხის დამოუკიდებლობა შეუძლია იკისროს, რამდენად შეუძლია საკუთარი აზრის დაცვა.

მოზარდებისათვის დამახასიათებელი კრიტიკულობა და მაქსიმალიზმი, მისთვის ჩვეული იუმორით, გამოხატა მარკ ტვენმა: ”როცა 14 წლის ვიყავი, მამაჩემი იმდენ სისულელეს ამბობდა, რომ ვერ ვიტანდი, მაგრამ, როცა 21 წლის გავხდი, გამიკვირდა – როგორ დაჭკვიანებულა ეს მოხუცი ამ 7 წელიწადში!”

ოჯახის ცხოვრების ამ ეტაპს მეცნიერები აფასებენ, როგორც მშობლებსა და შვილებს შორის ახალ ურთიერთობებზე გადასვლის პერიოდს. არის ოჯახები, სადაც ეს გადასვლა უკონფლიქტოდ ხდება, რადგან მშობლები არ უპირისპირდებიან მოზარდის დამოუკიდებლობის მოთხოვნილებას. პირიქით, აძლევენ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას, მხარს უჭერენ, ეხმარებიან და ანუგეშებენ რთულ სიტუაციებში. ასეთ პირობებში გაზრდილი ადამიანი უფრო თავდაჯერებულია და უკეთაა მომზადებული დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.

აბსტრაქტული აზროვნების ჩამოყალიბება საკუთარი აზროვნების პროცესის ანალიზის საშუალებას იძლევა. იწყება თვითშემეცნების რთული პროცესი, პასუხის ძიება კითხვებზე “ვინ ვარ?”, “როგორი ვარ?”, გამუდმებული დაკვირვება საკუთარ თავზე და იდეალთან შედარება. პარალელურად, მოზარდები სხვათა შეცნობას, სხვების აზრის წვდომასაც ცდილობენ.

საკუთარი ცვლილებების მიმართ გაძლიერებული ყურადღება იწვევს მოზარდების გარკვეულ ეგოცენტრიზმს. მათ მიაჩნიათ, რომ მათი ქცევა ისევე საინტერესოა ირგვლივმყოფთათვის, როგორც მათთვის. მოზარდებს პატარებზე ბევრად მეტად აინტერესებთ, რას ფიქრობენ მათზე სხვები _ ისინი, თითქოს, გამუდმებით სცენაზე არიან წარმოსახვითი მაყურებლის წინაშე და თავს ახალ-ახალ როლებში სცდიან. 15-16 წლისათვის ასეთი ეგოცენტრიზმი კლებულობს: ხვდებიან, რომ ადამიანთა უმრავლესობა არ არის ამდენად დაინტერესებული მათი პიროვნებით და ისინი არც ისე უნიკალურები და განსაკუთრებულები არიან, რომ საყოველთაო ყურადღებას იმსახურებდნენ.

ფსიქოსოციალური სფერო. გარდამავალი ასაკის ძირითად სირთულედ მიიჩნევენ კონფლიქტს მშობლებთან და სხვა უფროსებთან, რომლებიც მოზარდთა დამოუკიდებლობისა და ავტონომიისაკენ სწრაფვას ეწინააღმდეგებიან. როგორც ირკვევა, არც მოზარდთა ემოციური გაუწონასწორებლობა და არც უფროსებთან კონფლიქტი არ წარმოადგენს განვითარების აუცილებელ ატრიბუტს. მოზარდების დიდი ნაწილი მოზრდილებთან მშვიდობიან და კეთილგანწყობილ ურთიერთობას ინარჩუნებს.

ავტონომიის განსაზღვრებაში ძირითადი აქცენტი კეთდება უფროსების ზეგავლენისგან განთავისუფლებაზე, მაგრამ შეუძლებელია, რომ გარდამავალ ასაკში ადამიანი არ იყოს მათზე დამოკიდებული. სრული თავისუფლება არც მოზარდებისთვის არის ხელსაყრელი, რადგან აფრთხობთ პასუხისმგებლობა, რომელიც თან ახლავს დამოუკიდებლობას.

ამიტომ, უფრო სწორი იქნება, თუ ავტონომიას განვიხილავთ, როგორც თვითრეგულაციას. ამ თვალსაზრისით, დამოუკიდებლობა გულისხმობს საკუთარი დასკვნების გაკეთებისა და საკუთარი ქცევის რეგულირების უნარს. სწორედ ამას სწავლობენ მოზარდები. ისინი ოჯახში თუ სკოლაში შეთვისებული წესების, საზღვრებისა და ღირებულებების გადაფასებასა და გადასინჯვას ახდენენ. ამ პროცესში, ზოგჯერ, მძაფრ წინააღმდეგობას აწყდებიან უფროსების მხრიდან და ეს კონფლიქტებს იწვევს. ხშირად ისეც ხდება, რომ მოზრდილებიც მონაწილეობენ გადაფასების პროცესში, მინიმუმამდე დაჰყავთ კონფლიქტის ზონები და ეხმარებიან მოზარდებს დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებასა და საკუთარი ქცევების მართვის უნარის გავარჯიშებაში. ეს საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი პირობაა. მოზარდები თანდათან სწავლობენ პიროვნული დამოუკიდებლობის შეთავსებას იმ მოვალეობებთან და ვალდებულებებთან, რომლებიც ყველა ნორმალური ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს.

პიროვნული დამოუკიდებლობა, პირველ რიგში, დაკავშირებულია იდენტურობის ჩამოყალიბებასთან. იდენტურობის ჩამოყალიბება, ანუ თვითგამორკვევა ხანგრძლივი და რთული პროცესია. იგი ქმნის ერთგვარ კოორდინატთა სისტემას ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროს ინტეგრირებისათვის. მოზარდის წინაშე დგება ამოცანა: შეკრიბოს და გააერთიანოს ამ დროისათვის მის ხელთ არსებული მთელი ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ (როგორი შვილი, მეგობარი, მოსწავლე, მუსიკოსი, სპორტსმენი და ა.შ. ვარ) და მოახერხოს ამ მრავალრიცხოვანი “მე”-ს ხატების ინტეგრაცია პიროვნულ იდენტურობაში, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდის წარსულის, აწმყოსა და მომავლის უწყვეტობას.

გარდამავალ პერიოდში განსაკუთრებით იზრდება თანატოლთა ჯგუფების მნიშვნელობა. ფიზიკური, ემოციური და სოციალური ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად მათ თანაგრძნობა და მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ამას კი, ბუნებრივია, იმათთან ეძებენ, ვისაც მსგავსი პრობლემები აწუხებს, ანუ თანატოლებთან.

თანატოლთა წრე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოზარდის სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაში. ამ წრეში არსებული თანასწორუფლებიანი ურთიერთობები ხელს უწყობს სოციალური კომპეტენციის ჩამოყალიბებას. მოზარდები, რომლებიც, ერთი შეხედვით, ყოველგვარ ნორმებს და წესებს აპროტესტებენ,  საკმაოდ მკაცრად იცავენ თანატოლთა ჯგუფში არსებულ ნორმებს. აქ სწავლობენ ჯგუფისადმი სოლიდარობას, ჯგუფში აღიარებული წესების დაცვას და ჯგუფში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას.

მოზარდები თანატოლებთან ურთიერთობაში შედარებებს აკეთებენ და ამის საფუძველზე აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს და ქცევებს. შეფასებებში აქცენტი კეთდება გარეგნობაზე და იმ პიროვნულ თვისებებზე, რომლებიც პოპულარობას უწყობს ხელს – ეს შეიძლება იყოს იუმორის გრძნობა და კომუნიკაბელურობა.

მოზარდების გარეგნობა – ჩაცმულობა, ვარცხნილობა ხშირად უფროსების გაღიზიანებას და უკმაყოფილებას იწვევს. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ, ერთი მხრივ, მოზარდები ირჩევენ სწორედ მოზრდილებისაგან განსხვავებულ სტილს და ამით გამოხატავენ თავის ინდივიდუალობას, ზოგჯერ კი – პროტესტს არსებული ნორმების მიმართ; მეორე მხრივ, ამტკიცებენ ამა თუ იმ ჯგუფისადმი თავის მიკუთვნებულობას. ჩაცმის სტილით აფასებენ, რომ ერთი “სპორტულია”, მეორე – “ძველი ბიჭია” და სხვა. იგივე ფუნქციას ასრულებს ლაპარაკის მანერა, მუსიკა, რომელსაც უსმენენ. ეს ყველაფერი, ერთად აღებული, მოზარდთა სუბკულტურას  წარმოადგენს.

სიჭაბუკის ხანაში შეფასების კრიტერიუმები იცვლება და აქცენტი გადადის ისეთ პიროვნულ თავისებურებებზე, როგორიცაა მეგობრობის, ერთგულების უნარი. ურთიერთობები საერთო ინტერესებზე იგება და უფრო გულითადი და სტაბილურია. რჩევისათვის უკვე მეგობრებს მიმართავენ და არა მშობლებს, მეგობრებს უზიარებენ თავიანთ პრობლემებს და საიდუმლოს. მშობლებს ისღა დარჩენიათ, ემოციური მხარდაჭერა გაუწიონ შვილებს. დადგენილია, რომ მოზარდები, რომლებიც მოკლებული არიან მშობლებთან ემოციურ კონტაქტს, უფრო ადვილად ექცევიან თანატოლთა ასოციალური ჯგუფების გავლენის ქვეშ.

იდენტურობის ჩამოყალიბებაში ოჯახს უმნიშვნელოვანესი როლი  აკისრია. მშობლების ძირითადი ამოცანები, ერთი შეხედვით, პარადოქსულია. მშობლები, რომლებიც კარგად ასრულებენ თავის ფუნქციას, ერთი მხრივ, უქმნიან მოზარდს დაცულობისა და მხარდაჭერის ატმოსფეროს; მოზარდი გრძნობს, რომ ის უყვართ, იღებენ ისეთს, როგორიც არის. მეორე მხრივ, იგივე მშობლები ხელს უწყობენ მოზარდის ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ, ქმედითუნარიან პიროვნებად. დაცულობა და დამოუკიდებლობა – ეს, თითქოსდა, ურთიერთსაპირისპირო გრძნობები, ერთი მედლის ორი მხარეა. მხოლოდ მზრუნველ, უსაფრთხო გარემოშია შესაძლებელი დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბება. მაგრამ მშობლების ურთიერთობა შვილებთან, ხშირად, შორს დგას ამ იდეალისაგან.

 

ბავშვის განვითარება

ყველა ადამიანი გარკვეული შესაძლებლობებითა და უნარებით იბადება და მათი განვითარებისათვის მზრუნველი, კეთილისმყოფელი გარემოა საჭირო. განვითარება სამ ძირითად სფეროში ხდება. ესენია _ ფიზიკური, კოგნიტური ანუ შემეცნებითი და ფსიქოსოციალური სფეროები.

  1. ფიზიკურ სფეროს მიეკუთვნება სხეულისა და ორგანოების ზომა და ფორმა, ტვინის სტრუქტურა, სენსორული შესაძლებლობები (შეგრძნებები) და მოტორული (სამოძრაო) უნარები.
  2. კოგნიტური სფერო მოიცავს გონებრივ შესაძლებლობებს – აღქმას, მეხსიერებას, აზროვნებას, მეტყველებას და წარმოსახვას.
  3. ფსიქოსოციალური სფერო გულისხმობს პიროვნულ თავისებურებებს და სოციალურ უნარებს. ამ სფეროს მიეკუთვნება ადამიანისათვის დამახასიათებელი ქცევისა და ემოციური რეაგირების ინდივიდუალური სტილი, ანუ, ის, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი სოციალურ გარემოს და როგორ რეაგირებს მასზე.

განვითარების პროცესში სამივე სფერო ქმნის ერთ მთლიან სისტემას. ამიტომ, ერთ რომელიმე სფეროში ცვლილებას აუცილებლად მოჰყვება ცვლილებები სხვა სფეროებში.

რა განსაზღვრავს ადამიანის თავისებურებებს – მემკვიდრეობა თუ გარემო? ეს საკითხი მეცნიერებს შორის დღესაც დავის საგანია. ძნელია, ადამიანის ესა თუ ის პიროვნული თვისება ან ქცევის სტილი მხოლოდ მემკვიდრეობით აიხსნას. ასევე ვერ ვიტყვით დანამდვილებით, რომ რაიმე ფიზიკური შესაძლებლობა ან ქცევა მხოლოდ გარემოს ზეგავლენით ჩამოყალიბდა. არ არსებობს გენი, რომელიც განაპირობებს კალათში ბურთის “ჩადების” უნარს კალათბურთის თამაშის დროს, მაგრამ ადამიანის ძვლების სიგრძეს გენი განსაზღვრავს და, შესაბამისად, ზოგიერთ ადამიანს გენეტიკურად განპირობებული სიმაღლე საშუალებას აძლევს სხვებზე უკეთ განახორციელოს ეს ქცევა. მეორე მხრივ, თუ ადამიანი არ ისწავლის კალათბურთის თამაშს, მხოლოდ სიმაღლე არ არის საკმარისი ამ ილეთის შესასრულებლად.

ამდენად, ნებისმიერი ქცევა საჭიროებს როგორც თანდაყოლილ შესაძლებლობებს, ისე სათანადო გარემოს. მთავარი ის კი არ არის, რა არის ადამიანის განვითარებაში წამყვანი _ მემკვიდრეობა თუ გარემო, არამედ ის, როგორ ურთიერთქმედებენ გენები და გარემო პირობები.

«დაბადების აქტით ახალშობილი ინდივიდის დამოუკიდებელი არსებობა იწყება… პატარა ადამიანი აბიჯებს ცხოვრების ბჭეს და სრულიად ახალ გარემოში იწყებს არსებობას. მაგრამ როგორია ეს ახალი გარემო? … ის ხომ ამიერიდან იმ დიდ ფიზიკურ სამყაროში იწყებს ცხოვრებას, რომელიც მოვლენათა აურაცხელ მრავალფეროვნებას შეიცავს… ახალდაბადებული ბავშვი ამ ულმობელი სამყაროს მკვიდრად იქცევა» (დ. უზნაძე).

ადამიანი დაბადების მომენტში არის არა სუფთა დაფა, რომელზეც ნებისმიერი რამის დაწერა შეიძლება, არამედ, ყურადღებით წასაკითხი ფურცელია. როგორ გაუმკლავდება ადამიანი «ულმობელი სამყაროს» მიერ წაყენებულ ამოცანებს, დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად გულდასმით წაიკითხავენ უფროსები ამ ფურცელს.

ბავშვის განვითარების სტიმულირება ხდება უფროსების მხრიდან. თამაშის, ჩაცმის, ჭამის ან ბანაობის დროს მშობლის ან მომვლელის მხრიდან თბილი და მზრუნველი დამოკიდებულება, აქტიური კონტაქტი, ლაპარაკი მნიშვნელოვან სტიმულაციას წარმოადგენს ბავშვისათვის. ასეთ ურთიერთობას მოკლებული პატარები ხშირად პასიურები ან აგრესიულები არიან, რადგან მათი სამეტყველო თუ სოციალური წარმატებების წახალისება და განმტკიცება მუდმივი ემოციური უკუკავშირით არ ხდება. ასეთი ბავშვები საკუთარი გამოცდილებით რწმუნდებიან, რომ მათი მცდელობები უპასუხოდ რჩება და პასიურობას ამჯობინებენ ან აგრესიულად რეაგირებენ.

მემკვიდრეობისა და გარემოს ურთიერთქმედება ყველაზე ნათლად ჩანს სქესისთვის დამახასიათებელი თავისებურებების განხილვისას. ადამიანის სქესი გენეტიკური კოდით არის განპირობებული. ამიტომ ზოგიერთები თვლიან, რომ ქალურ თუ მამაკაცურ ხასიათს ან ქცევას ასევე გენეტიკა განსაზღვრავს. საპირისპირო თვალსაზრისის მომხრეების აზრით, ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავებას განაპირობებს გარემო ფაქტორები, ანუ ის, რომ სოციუმი განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებს სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებს.

სქესობრივი ანუ გენდერული იდენტურობის ჩამოყალიბებაში ბიოლოგიური და  გარემო ფაქტორები მჭიდროდ არის ერთმანეთში გადაჯაჭვული და რომელიმეს იგნორირება არ იქნებოდა მართებული. გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ბიჭები, საშუალოდ, უფრო დიდი წონისანი იბადებიან და სიარულის დაწყების პერიოდში მეტი აგრესიულობით ხასიათდებიან; სკოლამდელი ასაკის ბიჭები უფრო იმპულსურები, აქტიურები და ენერგიულები არიან; მოზრდილ მამაკაცებს ძვალ-კუნთოვანი სისტემა უფრო განვითარებული აქვთ, ვიდრე ქალებს. გოგონები კი უფრო ადრე იწყებენ ლაპარაკს; მათში ბიჭებზე 2-3 წლით ადრე იწყება სქესობრივი მომწიფება; ქალები სიცოცხლის მეტი ხანგრძლივობით გამოირჩევიან.

ეს ყველაფერი ბიოლოგიურად განპირობებული განსხვავებებია, მაგრამ არსებობს სხვა თავისებურებებიც, რომელთაც საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმები განსაზღვრავს. საზოგადოებაში არსებობს მყარად ფესვგადმული წარმოდგენა ქალურობისა და მამაკაცურობის შესახებ. მშობლები შვილებს ამ სტერეოტიპების შესატყვისად აფასებენ –  ”გოგოსავით მტირალა”, “ბიჭივით ცელქი”. ზრდის პროცესში ბავშვი მშობლებისგან ითვისებს მისი სქესის შესატყვის ქცევებს და მანერებს არა მარტო მიბაძვით, არამედ სურვილით, გაამართლოს მშობლების მოლოდინი და დაიმსახუროს მათგან მოწონება.

არსებობს უნივერსალური ნორმები, რომლებიც საერთოა ყველა ქვეყნისა და კულტურისათვის. წარმოიდგინეთ ორი ადამიანი. ერთი – “ძლიერი, რისკიანი, უხეში, დამოუკიდებელი, დომინანტური და ძალაუფლების მოყვარული”, მეორე კი “სუსტი, ნაზი, ემოციური, მეოცნებე, დამთმობი და მორჩილი”. თუ ფიქრობთ, რომ პირველი მათგანი მამაკაცია და მეორე ქალი, თქვენ უამრავი თანამოაზრე გყავთ ყველა კონტინენტზე.